კიევის სასამართლომ პოროშენკოს პატიმრობა არ მიუსაჯა
ოთხშაბათს, კიევის სასამართლომ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პატიმრობა არ მიუსაჯა. მას აღმკვეთ ღონისძიებად უცხოეთში სამოგზაურო პასპორტების ჩაბარება დაეკისრა.
ბრალდების მხარე პოროშენკოს დაპატიმრებას ითხოვდა ერთი მილიარდი ჰრივნის (35 მლნ დოლარი) გირაოთი გათავისუფლების უფლებით.
პოროშენკო, რომელიც ამჟამად პარლამენტის წევრი და ოპოზიციური პარტია "ევროპული სოლიდარობის" ლიდერია, სამშობლოში ორშაბათს დაბრუნდა, რათა სასამართლოს წინაშე წარმსდგარიყო.
ექსპრზიდენტს ბრალი სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმის დაფინანსებაში ედება. პროკურატურა აცხადებს, რომ მან 2014 წელს დაარღვია კანონი, როცა პრეზიდენტობის დროს ქვანახშირს დონბასში პრორუსი სეპარატისტისგან ითხოვდა. ადვოკატები კი აცხადებენ, რომ მასალებში პოლიტიკოსის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.
თავად პოროშენკო მის წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო დევნას მოქმედი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურ დევნას უწოდებს.
წინა კვირაში პოროშენკო ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც ევროპელ პოლიტიკოსებს შეხვდა და მის წინააღდეგ არსებულ ბრალდებებზე ესაუბრა.
ზელენსკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კანონზე მაღლა უკრაინის არცერთი მოქალაქე არ დგას.
სასამართლოს დასრულების შემდეგ პოროშენკომ მხარდამჭერებს მიმართა: "არის ეს სრული გამარჯვება? არა. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია სწორი მიმართულებით."