კულება: არმია თვისობრივად ახალ ფაზაშია და ნატოს შეიარაღებაზე გადადის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში დასავლური სახელმწიფოების მხრიდან უკრაინის შეიარაღების კუთხით მიღწეულ ცვლილებებზე ისაუბრა.
კულებას თქმით, ამ მხრივ გარღვევა საბოლოოდ შედგა.
"ჩვენ სრულიად ახალ ფაზაში გადავედით, რომელსაც ჯერ კიდევ 2 თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა. ჩვენ პრინციპულად ახალ დონეზე გადავედით, რომელზეც არავინ ოცნებობდა - უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატოს შეიარაღებაზე გადადიან, გადავდივართ ნატოს სტანდარტზე და ეს პროცესი უკვე დაწყებულია", - განაცხადა კულებამ.
საგარეო საქმეთა მინისტრი ამ პროცესში პრეზიდენტ ზელენსკის როლს გამოყოფს - კულებას თქმით, სწორედ ზელენსკიმ შეძლო პრეზიდენტ ბაიდენის დარწმუნება.
"ჩვენ უკვე მივიღეთ ჰაუბიცები, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ გაცილებით უფრო მეტ რამეს მივიღებთ. ეს ისტორიული მომენტია", - ამბობს კულება.
ბოლო კვირების განმავლობაში დასავლეთმა დაიწყო უკრაინის შეიარაღება მათ შორის მძიმე შეიარაღებითაც. გასულ კვირას ჯო ბაიდენის მიერ გამოცხადებულ ახალ პაკეტში მძიმე შეიარაღებასთან ერთად შედიოდა საბრძოლო ავიაციაც.
უკრაინის მძიმე შეიარაღებას აწვდიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, მათ შორის სულ ბოლოს ასეთი გადაწყვეტილება გერმანიამაც მიიღო, რომელმაც ნება დართო კერძო გერმანულ სამხედრო კომპანიას უკრაინისთვის თვითმავალი საზენიტო დანადგარები მიაწოდა.