უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საპრეზიდენტო რეიტინგში ლიდერებს. ამის შესახებ 24 იანვარს, კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ვკითხულობთ.
საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ზელენსკის გამოკითხულთა 23.5% დაუჭერდა მხარს.
მეორე ადგილზე ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკოა 20.9%-ით.
ზელენსკისა და პოროშენკოს შორის სხვაობა სტატისტიკური ცდომილების ფარგლებშია.
მესამე ადგილზე პარტია "ბატკივშინას" ლიდერი, ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკოა - 11.8%.
მას მოსდევს პარტია "ძალა და ღირსებას" ლიდერი, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ყოფილი უფროსი იჰორ სმეშკო - 9.6%.
პრორუსული, "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" ლიდერ იური ბოიკოს კი 9.3% უჭერს მხარს.
დეკემბერში ჩატარებულ ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, პოროშენკოს რეიტინგი 4.2%-ით გაიზარდა, სმეშკოსი კი - 2.8%-ით.
კვლევა 20-21 იანვარს ჩატარდა.