ლატვია უკრაინის და მოლდოვას EU-ში წევრობის მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს

23 ნოემბერს ლატვიის საკანონმდებლო ორგანომ - სეიმმა უკრაინისა და მოლდოვას ევროპის კავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა.

„ლატვიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, შეახსენოს თავის პარტნიორებს ევროპის კავშირში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერის გაძლიერება იმ საზოგადოებებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და მოლდოვაში მოსკოვის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის მიუხედავად, ევროპის კავშირთან ღირებულებებითა და მმართველობით დასაახლოებლად ამ ქვეყნებმა უზარმაზარი სამუშაო შეასრულეს“, - ედმუნდ ჩეპურიტისი, ლატვიის სეიმის ევროპულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე.

სეიმის დეპუტატების თქმით, მთელი რიგი პოლიტიკური და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება მოწმობს, რომ რუსული აგრესიის მრავალმხრივი გამოვლინებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, უკრაინასა და მოლდოვას აქვთ ურყვევი ნება შეუერთდნენ ევროპის კავშირს.

განცხადებაში ლატვიის პარლამენტის დეპუტატები ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებსა და გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყებას წლის ბოლომდე დაუჭირონ მხარი. გარდა ამისა, პარლამენტარები ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლად მოამზადონ და დაამტკიცონ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ჩარჩო.

სეიმი აღნიშნავს, რომ ლატვია მზადაა უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ გაერთიანებაში სრულფასოვანი წევრობის გზაზე რეფორმების განხორციელებისთვის საჭირო მხარდაჭერა უზრუნველყოს.

 

მსგავსი სიახლეები