მაკრონი: საფრანგეთი მხარს უჭერს მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტელეფონით მოლდოველ კოლეგას, მაია სანდუს ესაუბრა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
"პრეზიდენტ მაია სანდუსთან სატელეფონო საუბრისას გამოვხატე საფრანგეთის მხარდაჭერა მოლდოვისადმი, მისი ვალდებულება, მხარი დაუჭიროს ქვეყანას ევროპულ მისწრაფებაში, დესტაბილიზაციის მცდელობებთან და უკრაინაში ომის შედეგებთან გამკლავებაში." - თქვა მაკრონმა.
ბოლო რამდენიმე კვირაა მოლდოვაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პრო-რუსული ოპოზიციური პარტიები კომუნალური გადასახადების შემცირებას ითხოვენ და ფასების ზრდას აპროტესტებენ. ქვეყნის ხელისუფლება ოპოზიციას მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
3 მარტს, მოლდოვის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი ნოსატიმ AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანას ჯერ არ ემუქრება "მყისიერი სამხედრო საფრთხე", მაგრამ არის რუსეთის მიერ დაწყებული "ჰიბრიდული ომის" ობიექტი.