მოჰამედ ბინ სალმანი: ირანთან კარგი ურთიერთობები გვსურს
საუდის არაბეთის კრონპრინცის, მოჰამედ ბინ სალმანის თქმით, სამეფოს მიზანი "ირანთან კარგი და პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებაა", - ამის შესახებ მემკვიდრე პრინცმა საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ბინ სალმანის თქმით, რიადს არ სურს ირანთან დაკავშირებული ვითარების დაძაბვა და სამეფოს მიზანი ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობების ნორმალიზაციაა.
"ამ დროისთვის ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან რეგიონში და მსოფლიოში, რომ არსებული პრობლემები გადავჭრათ. ყველაფრის მიუხედავად, ირანი ჩვენი მეზობელია და ერთადერთი, რაც გვსურს, კარგი ურთიერთობების დამყარებაა",- ამბობს მოჰამედ ბინ სალმანი.
კრონპრინცის რიტორიკა ბევრ საკითხში - მათ შორის ირანის მიმართ - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა. გასულ კვირებში Financial Times წერდა საიდუმლო შეხვედრაზე, რომელიც ბაღდადში ირანის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებსა და მათ საუდელ კოლეგებს შორის გაიმართა. გამოცემის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა ურთიერთობების ნორმალიზაცია და 5 წლის წინ დაზიანებული დიპლომატიური ურთიერთობების ეტაპობრივი აღდგენა იყო.
გასულ წლებში ირანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობები ეტაპობრივად იძაბებოდა. უხეში იყო მოჰამედ ბინ სალმანის რიტორიკა ირანის მიმართ. კრონპრინცი გასულ წლებში ირანს რეგიონის დესტაბილიზაციაში და შეიარაღებული კონფლიქტების წახალისებაში ადანაშაულებდა. 2018 წელს მოჰამედ ბინ სალმანმა ირანის უმაღლესი სასულიერო ლიდერი, ალი ხამინეი ადოლფ ჰიტლერს შეადარა.
მოჰამედ ბინ სალმანს კარგი ურთიერთობები ჰქონდა აშშ-ის წინა პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან. კრონპრიცმა მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ირანთან ბირთვული შეთანხმების გაწყვეტის შესახებ, ბინ სალმანი მხარს უჭერდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წამოწყებულ კამპანიას, რომელიც ირანის მმართველ რეჟიმზე მაქსიმალურ წნეხს გულისხმობდა.
სავარაუდოა, რომ ბინ სალმანის უპირობო მხარდაჭერამ ხელი შეუწყო წინა ადმინისტრაციის მოზომილ რეაქციას ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე. ბინ სალმანის მიმართ კრიტიკულად განწყობილი საუდელი ჟურნალისტი 2018 წელს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში სამეფოს სპეცსამსახურის აგენტებმა მოკლეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ აშშ-ის რიტორიკა რეგიონული პარტნიორების მიმართ შეიცვალა. წინა პლანზე გამოვიდა ადამიანის უფლებათა საკითხები, ცნობილი იყო, ასევე, რომ ჯო ბაიდენი 2015 წელს ირანთან გაფორმებული ბირთვულ შეთანხმებასთან დაბრუნებას გეგმავდა.
ბაიდენის ადმინისტრაციამ გააძლიერა ზეწოლა საუდის არაბეთზე იემენის სამოქალაქო ომში სამხედრო ჩართულობის მიმართულებით. უკვე მეექვსე წელია, საუდის არაბეთი იემენში აჯანყებული ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძვის, თავის მხრივ ჰუსიტებს მხარს უჭერს ირანი.
ბაიდენის არჩევის შემდეგ, მოჰამედ ბინ სალმანი გამუდმებით ცდილობს შეამციროს აშშ-სთან წინააღმდეგობრივი საკითხების რაოდენობა. ბინ სალმანის თქმით, აშშ-სა და საუდის არაბეთის ინტერესებს 90%-ში ერთმანეთს ემთხვევა და სრულიად გასაგებია, რომ ორ ქვეყანას შორის ვერ იქნება სრული თანხმობა ყველა საკითხზე.
მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში ადმინისტრაცია შეიცვალა ბინ სალმანმა შეწყვიტა ყატარის ეკონომიკური ემბარგო, რომელიც 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, საპატიმროებიდან გაათავისუფლეს რამდენიმე აქტივისტი. რეგიონების მკვლევარების აზრით, ბინ სალმანის ეს გადაწყვეტილებები ვაშინგტონში პრინცის იმიჯის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
სამეფოში ირანთან ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობაზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც 2019 წელს საუდის არაბეთის უმსხვილეს სანავთობო ობიექტზე დრონების შეტევა განხორციელდა. შეტევის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ინფრასტრუქტურა, რომელზეც საუდის არაბეთის სანავთობო წარმოების ნახევარი მოდიოდა. შეტევაზე პასუხისმგებლობა ჰუსიტების დაჯგუფებამ აიღო, თუმცა საუდის არაბეთში და აშშ-ში მიიჩნევდნენ, რომ შეტევის უკან ირანი, კერძოდ კი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი იდგა.
საუდის არაბეთი მუსლიმური სამყაროს ლიდერად მიიჩნევს, ირანი კი მსოფლიოს ერთადერთი შიიტური სახელმწიფოა. ორ ქვეყანას შორის რთული ურთიერთობების წინაპირობა ხშირად სწორედ სექტარიანული განსხვავებებია. ირანსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2016 წელს მას შემდეგ დაიძაბა, რაც საუდის არაბეთში გავლენიანი შიიტი სასულიერო პირი სიკვდილით დასაჯეს.
შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯამ სამოქალაქო მღელვარება გამოიწვია ირანში, დემონსტრანტებმა შეტევა მიიტანეს საუდის არაბეთის საელჩოს შენობაზე თეირანში.