გამოგონილი მტრები და ცრუ დილემები: სურკოვის კონცეფცია და ქართული ოცნება

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, სულ უფრო ხილული გახდა „ქართული ოცნების“ აგრესიული საინფორმაციო კამპანია, რომელმაც ყველა ის წითელი ხაზი გადაკვეთა, რაც ბევრისთვის, იქამდე, ხელშეუხებლად ითვლებოდა - მათ შორის, ქვეყნის ევროინტეგრაცია. 

ამ კამპანიის ლოგიკა მარტივია: მმართველი პარტია საკუთარ თავს წარმოაჩენს ქვეყნის სუვერენიტეტის მთავარ დამცველად, ხოლო მთავარ მტრად დასავლეთს ასახელებს, თითქოს სწორედ ის უპირისპირდება საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს სქემა არ არის „ქართული ოცნების“ მიგნება - საქმე გვაქვს რუსულ პოლიტიკურ კონცეფციასთან, სახელად „სუვერენული დემოკრატია“, რომელიც დღეს აქტიურად გამოიყენება თბილისში.

მოდით თავიდან გადავხედოთ, რაზე დგას "ქართული ოცნების" საინფორმაციო სტრატეგია: ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი მუდმივად უსვამენ ხაზს სუვერენიტეტისა და „ეროვნული ღირებულებების“ დაცვას. მათი არგუმენტია, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ქვეყანას სუვერენიტეტის დაკარგვა ემუქრება. მათი თქმით, როგორც გარე, ისე შიდა ძალები მიზანმიმართულად უქმნიან საფრთხეს ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ტრადიციულ ღირებულებებს, რათა ქვეყანამ დაკარგოს ყველა ეროვნული მახასიათებელი და ომის რისკის წინაშე დადგეს. 

რეალურად, ეს არის გამოცდილი რუსული პოლიტტექნოლოგიური ხრიკი. ტერმინი „სუვერენული დემოკრატია“ ერთ-ერთი საკვანძო იდეოლოგიური ინსტრუმენტია, რომელიც კრემლმა თავის პოლიტიკურ ცხოვრებაში დანერგა.

დასაწყისი: ვიცავთ სუვერენიტეტს - ვანადგურებთ ოპონენტებს

ამ კონცეფციის თანამედროვე ფორმულირება ვლადისლავ სურკოვს ეკუთვნის - პოლიტტექნოლოგს, იდეოლოგსა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ მაღალჩინოსანს. 2000-იანი წლების დასაწყისში სურკოვმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „პუტინის ეპოქის“ იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში, სადაც „სუვერენული დემოკრატია“ ცენტრალურ ელემენტად იქცა.

ვლადისლავ სურკოვი და ვლადიმირ პუტინი, 2007 წელი.

ისტორია ასე განვითარდა: მიუხედავად 1990-იანი წლების რუსეთში მიღებული ლიბერალური რეფორმებისა, 2000-იანი წლების დასაწყისში ქვეყანამ ხელისუფლების ცენტრალიზებისკენ მკვეთრი შემობრუნება განიცადა, და პოლიტიკური სისტემა ინსტიტუციური კონსოლიდაციის ფაზაში შევიდა.

მიზანი მარტივი იყო: ძალაუფლების ერთ წერტილში კონცენტრაცია, ეროვნული ინტერსების დაცვიის მოტივით მეტოქეების განადგურება და ყველა თავისუფალი სივრცის ამოქოლვა, რომელიც ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარებოდა.

ამ ყველაფერს სჭირდებოდა იდეოლოგიური და საინფორმაციო ჩარჩო, რაც კრემლის საკეთილდღეოდ, ვლადისლავ სურკოვმა - "სუვერნეული დემოკრატიის" სახით, წარმატებით ჩამოაყალიბა. 

2006 წელს, „ერთიანი რუსეთისყრილობაზე გამოსვლისას, სურკოვმა ეს ტერმინი პირველად გამოიყენა:

ჩვენი დემოკრატიის მოდელს "სუვერენული დემოკრატია" ჰქვია. ჩვენ გვსურს ვიყოთ ღია ერი სხვა ღია ერებს შორის და მათთან სამართლიანი წესებით ვითანამშრომლოთ და არა ვიმართებოდეთ გარედან

სურკოვის ხედვით, „სუვერენული დემოკრატია“ არის მმართველობის მოდელი, სადაც ხელისუფლების არჩევა, ფორმირება და მართვა მხოლოდ რუსეთის ხალხის ნებით, მათი მრავალფეროვნებისა და ერთიანობის პირობებში ხდება. მისი მიზანია ყველა მოქალაქისა და სოციალური ჯგუფის კეთილდღეობა, თავისუფლება და სამართლიანობა, რაც ეროვნულ ტრადიციებთან ჰარმონიზაციით უნდა განხორციელდეს.

აღსანიშნავია, რომ კონცეფციის გაჟღერება დაემთხვა პერიოდს, როდესაც რუსეთიდიდი რვიანის“ (G8) თავმჯდომარეობისთვის ემზადებოდა და კრიტიკას იღებდა დემოკრატიული სტანდარტების დაბალი ხარისხის გამო.

ჯორჯ ბუში და ვლადიმირ პუტინი, დიდი რვიანის (G8) შეხვედრა, 2006 წელი.

ამით სურკოვის იდეამ ნაწილობრივ კრიტიკის ნეიტრალიზების ფუნქცია შეასრულა, რადგან მცდელობა იყო დაეკავშირებინა ძლიერი, ცენტრალიზებული სახელმწიფოს იდეა დემოკრატიის ფორმალურ ელემენტებთან და დაედასტურებინა რუსეთისუფლება“, თავად განესაზღვრა დემოკრატიის შინაარსი.

რა დგას რეალურად „სუვერენული დემოკრატიის“ უკან? 

კონცეფციის ბირთვი მდგომარეობს სუვერენიტეტის უპირატოსებაზე საერთაშორისო ნორმებზე, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტები, მიუხედავად ფორმალური არსებობისა, რეალურად მმართველი ელიტის კონტროლის ქვეშ რჩება. სახელმწიფო ინსტიტუტები მკაცრად კონტროლდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ.

პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა დემოკრატიის უნივერსალურ პრინციპებს თმობს - იმ საფუძველს, რომელიც საბაზისო უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას გულისხმობს, და გადადის ფასადურ მოდელზე, სადაც მთავარ ამოცანას ძალაუფლების შენარჩუნება და პოლიტიკური მეტოქეების განადგურება წარმოადგენს. ეს ყველაფერი კი ეროვნული ინტერესების დაცვით მართლდება. 

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, “სუვერენული დემოკრატიის” ძირითდი ელემენტებია:

  • ეროვნული პრიორიტეტის უპირატესობა ადამიანის ძირითად, უნივერსალურ უფლებებზე;
  • ხელისუფლების ცენტრალიზაცია და ინსტიტუტების სახელმწიფო ვერტიკალისთვის დაქვემდებარება;
  • იდეოლოგიური მობილიზაციაგარე საფრთხეებისწინააღმდეგ;
  • კონტროლირებადი პოლიტიკური კონკურენცია, რომელიც გამორიცხავს ხელისუფლების რეალურ ცვლილებას.

თავად ეს ტერმინი, სურკოვის გამოგონება არ არის. პირველად, ის, საჯაროდ, პოლიტოლოგმა ვიტალი ტრეტიაკოვმა, სხვა პოლიტოლოგებთან ერთად, 2005 წლის 28 აპრილს გამოიყენა:

საბჭოთა სისტემიდან, საკუთარი სურვილითა და არჩევანით, რუსეთი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა - ერთდროულად დემოკრატიული, თავისუფალი (სუვერენული) და სამართლიანი საზოგადოებისა და სახელმწიფოს მშენებლობაზე. ამიტომ, რუსული საზოგადოება და სახელმწიფო, თავად განსაზღვრავენ ამ განვითარების ვადებს, ეტაპებს, პირობებსა და ფორმებს. რუსეთის სუვერენული (და სამართლიანი) დემოკრატია - აი, პუტინის პოლიტიკური ფილოსოფიის ენობრივი და არსებითი ფორმულა...“

კონცეფციის თეორიული ჩარჩოს მიღმა, პრაქტიკაში ეს მოდელი რუსეთისთვის გამოიხატა მმართველი პარტიის - „ერთიანი რუსეთისჰეგემონიაში, სასამართლოსა და მედიის პოლიტიზებაში, არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვაში, ასევე ოპოზიციის მარგინალიზაციაში - ადმინისტრაციული და საინფორმაციო რესურსების გამოყენებით.

ვლადისლავ სურკოვი და ვლადიმირ პუტინი, 2007 წელი.

ბევრი მკვლევარი “სუვერენულ დემოკრატიას” ჰიბრიდულ რეჟიმად თვლიან, რომელიც აერთიანებს დემოკრატიულ ფორმებსა და ავტოკრატიულ რეალობას. რუსეთის მოდელი დემოკრატიულ პროცედურებს ძირითადად ე.წ. “ვიტრინული დემოკრატიის” ეფექტისთვის იყენებს, ხოლო რეალური ძალაუფლება შეზღუდული ელიტის ხელშია.

რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემერის, ბორის ნემცოვის შეფასებით, აღნიშნული პოლიტიკური მოდელი, სინამდვილეში, იმიტაციას წარმოადგენს: 

ეს პოლიტიკური სიმულაციაა - ხალხს შეუძლია ხმა მისცეს, მაგრამ არჩევანი არ აქვს

2006 წელს მიხაილ კასიანოვმა „კომერსანტში“ დაწერა, რომ სუვერენული დემოკრატიის მიზანია ძალაუფლებისა და ქონების კონცენტრაცია ნებისმიერ ფასად, რაც იწვევს პოპულიზმს, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებასა და დემოკრატიის პრინციპების გაუქმებას.

The Washington Post-ში 2006 წელს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ეს ტერმინი კრემლის მიერ შექმნილია იმისთვის, რომ რუსეთმა საკუთარი თავი დემოკრატიულად წარმოაჩინოს და ნებისმიერი კრიტიკა შიდა საქმეებში ჩარევად შერაცხოს.

დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი იშვიათად გამოიყენება, მისი იდეები, ბირთვი -„ტრადიციული ღირებულებები“, „რუსული ცივილიზაცია“, „მორალური სუვერენიტეტი“ - კვლავ ისმინება რუსეთის რიტორიკაში.

"სუვერენული დემოკრატია" ქართულად 

უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, ივანიშვილის გუნდის საინფორმაციო სტრატეგია გაშიშვლდა და უფრო აგრესიული გახდა - ისეთი, როგორიც მანამდე არასდროს ყოფილა.

„ქართული ოცნება ხშირად ახსენებს სიტყვა „სუვერენიტეტს“, რაც შემთხვევითი ნამდვილად არ არის. სურკოვის კონცეფციის ქართულ კალკში, რა თქმა უნდა, სიტყვა „სუვერენიტეტს“ ცენტრალური როლი უკავია, თუმცა მსგავსება მხოლოდ სიტყვით არ შემოიფარგლება.

საქართველოში „ქართული ოცნება“ სუვერენული დემოკრატიის რუსულ მოდელს იყენებს როგორც შიდა და გარე ოპონენტების დელეგიტიმაციის ინსტრუმენტს. პარტიის რიტორიკაში სუვერენიტეტი და „ეროვნული ღირებულებები“ მუდმივად წამყვან თემებად გვევლინება, ხოლო დასავლეთი ხშირად წარმოჩენილია როგორც საფრთხე, რომელიც თითქოს ქვეყნის დამოუკიდებლობას უპირისპირდება.

ამ კონტექსტში, კრემლისა და, უკვე, „ქართული ოცნებისაც“, ერთ-ერთი მუდმივი სამიზნე ბალტიისპირეთის ქვეყნებია - ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, რომლებიც დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის ცოცხალ მაგალითებად იქცნენ.

სურკოვის სარკასტული შეფასებით, „ზოგი ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დღეს აღარ არსებობს რეალურად - ისინი უბრალოდ საერთაშორისო ბიუროკრატიის ნაწილად იქცნენ.“ ეს რიტორიკა ნათლად გამოხატავს რუსეთის პროპაგანდის სამიზნეს - დასავლეთთან მჭიდრო კავშირი წარმოაჩინოს, როგორც სუვერენიტეტის დაკარგვა.

ბალტიისპირეთის ქვეყნების ევროკავშირის ელექტროსისტემაში ჩართვა, 2025 წელი.

სინამდვილეში კი, ბალტიის ქვეყნები ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრები არიან, მაღალი განვითარების ინდექსით, მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტებითა და სტაბილური ეკონომიკით. მათი მაგალითი ამტკიცებს, რომ დასავლური ინტეგრაცია სუვერენიტეტის დაკარგვას კი არა, არამედ მის განმტკიცებას, უსაფრთხოების გაძლიერებასა და მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდას ნიშნავს - რეალობას, რომელსაც კრემლის ნარატივი ვერ ეგუება.

ამ ნარატივში ხელისუფლება თავს წარმოაჩენს სუვერენიტეტის ერთადერთ რეალურ დამცველად, ხოლო კრიტიკოსებს - ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ ძალებად. შედეგად, პოლიტიკური დისკუსია გადადის იმ ჩარჩოში, სადაც ნებისმიერი განსხვავებული პოზიცია ინტერპრეტირდება, როგორც ეროვნული უსაფრთხოებისათვის მავნე, რაც ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, გაამართლოს როგორც კრიტიკის შეზღუდვა, ისე პოლიტიკური ოპონენტების მარგინალიზაცია. 

სურკოვის კონცეფციაში ეს ცენტრალური ელემენტია, რასაც შეგვიძლია - განზრახ მართული ქაოსი ვუწოდოთ. სწორედ ამიტომ ვხედავთ, ხელისუფლების მიერ მართული მედიასაშუალებების ეკრანებზე სიუჟეტებს, სადაც ოცნება ერთდროულად ებრძვის როგორც გარე, ისე შიდა მტრებს, რომლებიც თითქოს კოორდინირებულად მოქმედებენ.

საქართველოში ეს სქემა დასავლეთისგან „ინსპირირებულ“ ძალებსა და ადგილობრივ ოპოზიციას აერთიანებს ერთ დიდ შეთქმულებად. შედეგად, ყველა კრიტიკოსი მტრის როლში გვევლინება, საზოგადოება მუდმივი საფრთხის განცდაშია, ხოლო მმართველი პარტია საკუთარ ძალაუფლებას ეროვნული უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით ამყარებს. 

ყოველდღიური საინფორმაციო ფსიქოზი, რომელშიც მოსახლეობას მიზანმიმართულად აცხოვრებენ, შესაძლოა მოქალაქეებს დაავიწყოს ის რისკებს, რაც ამ ტიპის მმართველობებს ახლავს - ქვეყნის იზოლაცია, მცირე ელიტის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება ათწლეულობით, ეკონომიკური პრობლემები და უსაფრთხოების მოწყვლადობა. 

"სუვერენული დემოკრატიის" ქართული კალკი, რომლითაც ქვეყანა იმართება, სწორედ ამ რეალობის წინაშე აყენებს საქართველოს და ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის, რაც აქამდე ხელუხლებლად მიიჩნეოდა, იქნება ეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია თუ დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა.

მსგავსი სიახლეები