მოლაპარაკებების გაგრძელებამდე, ისრაელს სურს ჰამასმა ყველა ბავშვი და ქალი გაათავისუფლოს

ზრდასრული მამაკაცი და ჯარისკაცი მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების დაწყებამდე, ისრაელი ჰამასს მოუწოდებს, ყველა ბავშვისა და სამოქალაქო ქალი მძევალი გაათავისუფლოს.

ამის შესახებ The Times of Israel-ს ისრაელის პრემიერის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განუცხადა.

"ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომელიც ეხება ბავშვებსა და ქალებს. ჩვენ ვიცით ყველა ბავშვისა და ქალის სახელი, რომლებიც ღაზას სექტორში არიან. ჩვენ არ ვეთანხმებით იმ განცხადებას, თითქოს ჰამასმა არ იცის სად არიან ისინი… რომ უჭირს მათი პოვნა," - თქვა მან.

"ისრაელი არ მიატოვებს 27 ადამიანს, რათა ახალი შეთანხმება განიხილოს, რომელიც ასევე დაირღვევა," - აღნიშნა მთავრობის წარმომადგენელმა. ის გულისხმობს გატაცებულ ისრაელელებს, რომლებიც ჯერ არ გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჰამასი მზადაა კიდევ უფრო გაახანგრძლივოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც უკვე მეექვსე დღეა გრძელდება და ვადა ხვალ დილით ამოიწურება.

"თუ ჰამასი გაათავისუფლებს ყველა დარჩენილ ქალს და ბავშვს, ჩვენ მეტი სურვილი გვექნება განვიხილოთ სხვა ჯგუფები, რომლებიც ჯერ კიდევ იქ არიან," - განაცხადა მან.

ჩინოვნიკი ასევე უარყოფს ცნობებს, თითქოს ისრაელი მზადაა ციხიდან ყველა პალესტინელი ტერორისტი გამოუშვას დარჩენილი მძევლებისა და ომის დასრულების სანაცვლოდ.

მსგავსი სიახლეები