მოსკოვში პუტინის პარტიის რეიტინგი მესამედით შემცირდა და 15%-ია
რუსეთში შემოდგომაზე გასამართი სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ, "ლევადა ცენტრის" გამოკითხვით, დედაქალაქში ვლადიმირ პუტინის პარტიას - "ერთიანი რუსეთი" - მოსახლეობის მხოლოდ 15% უჭერს მხარს. 2019 წელს, იმავე გამოკითხვით, პარტიის რეიტინგი 25% იყო.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა 15-26 აპრილს ჩატარდა და მასში მოსკოვის 500 მცხოვრები მონაწილეობდა.
საარჩევნო რეიტინგით, რომელშიც ის რესპონდენტებიც შედიან, რომლებიც არ მიდიან არჩევნებზე ან არ უპასუხეს შეკითხვას, “ერთიანი რუსეთი” 15%-ით პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზეა ვლადიმირ ჟირინოვსკის “ლიბერალ დემოკრატიული” პარტია - 10%. მას მოსდევს კომუნისტური პარტია და “სამართლიანი რუსეთი” 6%-ით. ლიბერალურ პარტია “იაბლოკოს” კი მოსკოველების 5% უჭერს მხარს.
გამოკითხულთა მეოთხედი საერთოდ არ აპირებს ხმის მიცემას, 17% ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია, 3% კი აცხადებს, რომ ბიულეტენის გაფუჭებას აპირებს.
ლევადა-ცენტრის ხელმძღვანელის, დენის ვოლკოვის განცხადებით, მმართველი პარტიის მხარდაჭერის კლების ტენდენცია ჯერ კიდევ 2019 წელს, მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე გამოჩნდა.
მიუხედავად ამისა, ხმების ძირითადი ნაწილი მაინც 4 ძირითად, სისტემურ პარტიაზე ნაწილდება.
“ერთადერთი განსხვავებული ტენდენცია არის იაბლოკოს მიმართ მზარდი ინტერესი, მაგრამ ეს შესამჩნევია მხოლოდ მოსკოვში და დიდ ქალაქებში,” - აღნიშნა ვოლკოვმა.
გარდა პარტიული რეიტინგებისა, რესპონდენტებს კითხვები დაუსვეს პოლიტიკურ ფიგურებზეც. მათ შორის მათზე, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი პიოტრ ტოლსტოი და ალექსეი ნავალნი რესპონდენტების ყველაზე დიდი ნაწილის მოწონებით სარგებლობენ (გამოკითხულთა 24% ეთანხმება მათ აქტივობებს). ამავდროულად, ნავალნი ანტი-რეიტინგის ლიდერიც არის - გამოკითხულთა 61% მის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი, ხოლო 10%-ს საერთოდ არ სმენია მასზე. გამოკითხულთა 54%-ს არ სმენია ტოლსტოის შესახებ და 18%-ს არ მოსწონს ის.
მოსკოვში პოპულარობით მესამე ადგილზე ანტი-კორუფციული აქტივისტი და Navalny Live-ს წამყვანი ლუბოვ სობოლია. მისი მოწონების რეიტინგი 17%-ია, მის მიმართ უარყოფითად განწყობილი კი - 25%. გამოკითხულთა 52%-ს არ სმენია მის შესახებ.
დემოკრატიული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ილია იაშინი მოსკოველების 16%-ს მოსწონს, 15% კი მის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი. გამოკითხულთა 62%-ს არ სმენია მის შესახებ.
რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის 19 სექტემბერს ჩატარდება.