მშვიდობის დარგში ნობელის პრემია რუს და ფილიპინელ ჟურნალისტებს მიენიჭათ
ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა 2021 წლის პრემია მშვიდობის დარგში რუს ჟურნალისტ დმიტრი მურატოვს და ფილიპინელ ჟურნალისტ მარია რესას მიანიჭა.
პრემია ლაურეატებს "სიტყვის თავისუფლების დასაცავად გაწეული ძალისხმევისთვის" გადაეცათ.
"თავისუფალი, დამოუკიდებელი და ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, სიცრუისა და ომის პროპაგანდისგან დაცვას ემსახურება", - აღნიშნა ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე ბერიტ რეის-ანდერსენმა.
"დღეს ჩემთან ერთად ნობელის პრემია მიიღეს იგორ დომნიკოვმა, იური შეკოხიჩინმა, ანა პოლიტკოვსკაიამ, სტას მარკელოვამ, ანასტასია ბაბუროვამ, ნატაშა ესტემიროვამ [რუსი ჟურნალისტები]", - განაცხადა რუსეთის წამყვანი დამოუკიდებელი გაზეთის, "ნოვაია გაზეტას" მთავარმა რედაქტორმა მურატოვმა.
ნობელის კომიტეტმა დასძინა, რომ "ნოვაია გაზეტას" თანამშრომლები ხშირად გამხდარან ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნის მსხვერპლი, ხოლო მათგან ექვსი კი მოკლეს. მათ შორის იყო ანა პოლიტკოვსკაია.
პრიზის მიღება მოულოდნელი აღმოჩნდა მარია რესასთვისაც, რომელიც საგამოძიებო მედია Rappler-ის დამფუძნებელია და ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს კრიტიკით გამოირჩევა.
"შოკირებული ვარ, და თან ბედნიერი, რომ ნობელის კომიტეტმა ჩემი გუნდის ძალისხმევა დააფასა," - თქვა რესამ.
ჟურნალისტებისთვის პრიზის გადაცემით ნობელის პრემიის კომიტეტი მსოფლიოში პრესის თავისუფლების დონის გაუარესებას გამოეხმაურა.