ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე აშშ, ბრიტანეთი და გერმანია მხარს რუტეს უჭერენ
ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია მხარს მარკ რუტეს უჭერენ.
„ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის ინტენსიური დისკუსიების რაუნდის შედეგად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 20-ზე მეტი წევრი მზად არის, რომ მარკ რუტეს, როგორც მომავალ გენერალურ მდივანს, მხარი დაუჭიროს“, - ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადება, რომლის ვინაობაც ანონიმურია.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ოქტომბერში ეწურება.
ნატო-ს გენერალური მდივნის დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთხმად მიიღება, რაც გულისხმობს იმას, რომ კონკრეტულ კანდიდატს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 31-ვე წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი.
მარკ რუტე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პოსტს 2010 წლიდან იკავებს. ის 2006-2023 წლებში „სახალხო პარტიის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის - VVD“ ლიდერი იყო.
რუტე 2021 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ბავშვთა შემწეობებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა რუტეს კაბინეტს 2021 წლის მარტში ამომრჩეველმა ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
რუტეს მთავრობა 2023 წლის ივლისში კოალიციის წევრ პარტიებს შორის არსებული უთანხმოების გამო დაიშალა.
2023 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობა ხეერტ ვილდერსის „თავისუფლების პარტიამ“ მოიპოვა, თუმცა კოალიციური მთავრობა ამ დრომდე არ ჩამოყლიბებულა, შესაბამისად, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პოსტს კვლავ მარკ რუტე იკავებს.