დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:42 | 17 სექტემბერი, 2026 — უკრაინა

ბილეცკი: რუსების "ჩრდილოეთ მარწუხი" დონეცკის ოლქში განადგურებულია

უკრაინის მესამე საარმიო კორპუსის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ანდრეი ბილეცკიმ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარების "ჩრდილოეთ მარწუხი" ფაქტობრივად განადგურდა, რომელსაც დონეცკის ოლქში უკრაინული ქალაქი-ციხესიმაგრეები ალყაში უნდა მოექცია.

ვითარების არსი: "რუსებს დონეცკის მიმართულებით ჰქონდათ გეგმა - ეს იყო ე.წ. ქალაქი-ციხესიმაგრეების ალყაში მოქცევა ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. სამხრეთიდან ეს იყო ალყაში მოქცევა დობროპოლიეს გავლით, ხოლო ჩრდილოეთიდან - ამ შვერილით, რომელიც ახლა იჭრება, იგი მიდიოდა ქალაქ სვიატოგორსკზე და შემდეგ... დასახლებულ პუნქტ ბარვინკოვომდე, სადაც რუსული არმიის ეს ორი მარწუხი - დობროპოლიესი სამხრეთიდან და სვიატოგორსკისა ჩრდილოეთიდან - უნდა შეერთებულიყო." - ხაზი გაუსვა ბილეცკიმ.

  • მისი თქმით, დობროპოლიეს სიახლოვეს რუსების ინფილტრაცია გასულ წელს შეაჩერეს, ახლა იქ სიტუაცია რთული, თუმცა კონტროლირებადია.
  • "ჩრდილოეთის მარწუხი კი ფაქტობრივად განადგურებულია," - აღნიშნა მან.

სტრიქონებს შორის: ასევე ბილეცკიმ ხაზი გაუსვა, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, "ლოგისტიკისა და ზურგის პარალიზებით, რუსებს არ მიეცეთ ამ შეტევის განახლების შესაძლებლობა."

  • "მაშინ მათ მოუწევთ სლიავიანსკ-კრამატორსკის, დრუჟკოვკა-კონსტანტინოვკის აგლომერაციაზე პირდაპირი შტურმის დაწყება. ამ ქალაქებზე პირდაპირი შტურმი კი მათთვის ბევრად უფრო მტკივნეული და ხარჯიანი საქმეა, ვიდრე მათი ალყაში მოქცევის და ფაქტობრივად... უბრძოლველად აღების მცდელობა," - განაცხადა მან.
  • ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 საარმიო კორპუსის ოპერაცია "ვივალდიმ," რომელსაც ბრიგადის გენერალი ანდრეი ბილეცკი ხელმძღვანელობს დონეცკის ოლქის ლიმანის ჩრდილოეთით, ჩაშალა რუსი ოკუპანტების მცდელობა, ალყაში მოექციათ უკრაინული ქალაქები.
  • რუსული ჯარები გეგმავდნენ ლიმანის დაკავებას, სივერსკი დონეცის ფორსირებას და დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, სლიავიანსკისკენ წინსვლას. ISW-ის შეფასებით, უკრაინულმა კონტრშეტევამ შესაძლოა ასევე გადაავადოს რუსი ოკუპანტების შეტევა სლიავიანსკზე. ანალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ეს კრემლთან დაკავშირებულმა რუსულმა სამხედრო ბლოგერმაც აღიარა. 

კონტექსტი: 26 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში უკრაინული პოზიციები გაძლიერდება ორი განახლებული ჯარების დაჯგუფებით, რომლებსაც დენის პროკოპენკო და ანდრეი ბილეცკი უხელმძღვანელებენ.

  • 7 სექტემბერს ბილეცკიმ ვიდეომიმართვა ჩაწერა უშუალოდ დონეცკის ოლქის ქალაქ სვიატოგორსკის ცენტრიდან, სვიატო-უსპენსკის სვიატოგორსკის ლავრის ფონზე, პუტინის მიერ ქალაქის თითქოსდა "დაპყრობის" შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ.
  • 15 სექტემბერს მესამე საარმიო კორპუსმა განაცხადა 75 კვადრატული კილომეტრის გაწმენდისა და კიდევ 10 კვ. კმ-ის დეოკუპაციის შესახებ დონეცკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარე კონტრშეტევითი მოქმედებების ფარგლებში.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე