18:29 | 02 ნოემბერი, 2026
ევროკავშირის შიგნით: ვინ ეწინააღმდეგება საქართველოსთან მკაცრ პოლიტიკას?
ევროკავშირი გაფართოების ანგარიშს 4 ნოემბერს გამოაქვეყნებს, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდება ის, რაც ბოლო დროს მრავალჯერ ითქვა - საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფორმალურადაა. ნეგატიური შეფასების გაგრძელება კი ის იქნება, რომ გაფართოების ფორუმზე, რომელიც 15 და 16 ოქტომბერს გაიმართება, საქართველოს მთავრობა მოწვეულთა შორის კვლავ არ იქნება.
როგორ მოვედით ამ კრიზისამდე?
ორ მხარეს შორის მიმდინარე კრიზისის უახლესი ათვლის წერტილი 2024 წლის 28 ნოემბრიდან იწყება, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებდა ევროკავშირთან მოლაპარკებების დაწყების პროცეს, რასაც ქვეყნის მასშტაბით ფართო დემონსტრაციები და პროტესტი მოყვა.
ამ განცხადებას წინ უძღვოდა საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგიცა და ჩატარების მეთოდიც, არაერთი ევროპული ქვეყნის მთავრობისთვის საეჭვო აღმოჩნდა, რის გამოც "ქართული ოცნების" ლეგიტიმურობაზე კითხვება დაისვა.
ამ მოვლენებიდან ორი წლის თავზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულამდეა დაცემული, ფაქტობრივად არ გამართულა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, ხოლო ევროკავშირმა საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებასთან ერთად, დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა.
საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფურცელზეა" - არაერთხელ გაიმეორა ეს მოსაზრება მარტა კოსმა, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა.
დემოკრატიული უკუსვლის, რეპრესიული კანონებისა და არაპროპორციულად გამოყენებული საპატიმრო სასჯელების შესახებ ევროკავშირის შენიშნვებს, "ქართული ოცნება" თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, მკაცრი რიტორიკით პასუხობს.
ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ხშირად ისმის განცხადება, რომ ევროკავშირისთვის უფრო მეტადაა საქართველო საჭირო, ვიდრე პირიქით და ხაზს უსვამენ, რომ ურთიერთობების გადასატვირთად მზად არიან, თუკი "პრაგმატული თანამშრომლობა" დაიწყება.
ბრიუსელის დილემა: მათრახისა თუ თაფლის პოლიტიკა?
რამდენადაც ევროკავშირი ხშირად რეაგირებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე და იზიარებს ბევრი დამოუკიდებელი დამკვირვებლის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც სახეზეა დემოკრატიის დეგრადაცია და ადამიანების უფლებების შელახვა, იმდენად ბუნდოვანია ზუსტ სამომავლო პოლიტიკაზე ჩამოყალიბება.
რეალპოლიტიკას სამი სხვადასხვა წყარო (ევროკავშირის წარმომადგენლები) უყვება, რომ ამ მომენტში ქვეყნების დიდი ნაწილის საქართველოს ხელისუფლებასთან სამომავლო ურთიერთობების სტრატეგია ჩამოყალიბებული არ აქვს, რასაც ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ ეს საკითხი ნაკლებად პრიორიტეტულად განიხილება.
თუმცა, არსებობებს ქვეყნების სია, რომლებიც უფრო მკვეთრად აფიქსირებენ საკუთარ სურვილებს. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც არ იზიარებენ კიდევ უფრო ხისტი მეთოდების გამოყენებას ან უფრო მეტიც - პოლიტიკური ნაწილის მიღმა, საქმიანი თანამშრომლობის მომხრეები არიან.
ხისტი პოლიტიკის მოწინააღმდეგე ქვეყნები: იტალია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ხორვატია და საბერძნეთი.
როგორც წყარო გვიდასტურებს, მათი მოტივაცია ერთმანეთისგან განსხვავებულია და არც სამომავლო ხედვებია იდენტური, თუმცა, ქვეყნების ეს ჯგუფი, ევროკავშირის არსებულ სტრატეგიას სკეპტიკურად უყურებს.
ზოგიერთის შემთხვევაში დაკავშირებადობაა მთავარი არგუმენტი, განსაკუთრებით ევროკავშირის შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის. სხვები კი ფიქრობენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლების გაუცხოებით, საქართველო კიდევ უფრო ღრმად შეტოპავს რუსულ ორბიტაზე, რაც საბოლოოდ მოკლავს ყველა პერსპექტივას.
ამავე წყაროებზე დაფუძნებით, გამოიკვეთა, რომ იტალია არის ქვეყანა, რომელიც ყველაზე ნაკლები წინაპირობით ემხრობა ურთიერთობის გადატვირთვას.
ქვეყნები, რომლებიც აღნიშნულ არგუმენტებს არ იზიარებენ და არსებული პოლიტიკის დატოვების ან კიდევ უფრო გამკაცრების მომხრეები არიან: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, შვედეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და გერმანია.
ამ პირობითი ჯგუფის ყველა წევრსაც ერთმანეთის იდენტური მოსაზრება არ გააჩნია, თუმცა, საბოლოო ჯამში, მინიმუმი, რაზეც შეთანხმება ხდება, არის ის, რომ "ქართული ოცნებისთვის" თვალის დახუჭვა და სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების დაწყების შესაძლებლობის მიცემა შეცდომა იქნება.
მათთვის საქართველო არ მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიგს, სადაც ევროკავშირის პოლიტიკა მხოლოდ ე.წ "ტრანზაქციული ურთიერთობების" პრინციპს უნდა დაეფუძნოს და დემოკრატიის ხარისხი უმნიშვნელოდ განისაზღვროს, რუსეთის მზარდი გავლენის პარალელურად.
"კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ეს ევროკავშირის პრიორიტეტებია. ამ მომენტში, საქართველოზე ყურადღება ნაკლებია და პრიორიტეტების ათეულშიც არ შედის" - გვეუბნება ევროკომისიის წარმომადგენელი.
ნოემბრის დატვირთული კალენდარი
ნოემბრში საქართველოსა და ევროკავშირის ჩიხში მყოფი ურთიერთობა, არაერთხელ გახდება განხილვის საკითხი, რადგანაც გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებისა და ფორუმის გარდა, ევროპული პოლიტიკიური თანამეგობრობის (EPC) შეხვედრა დუბლინში გაიმართება, სადაც მონაწილეობას ირაკლი კობახიძე მიიღებს.
EPC-ის ბოლო შეხედვრა ერევანში შედგა, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე იმყოფებოდნენ. ეს ის იშვიათი ფორმატია, სადაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას იწვევენ, მიუხედავად კრიზისული ურთიერთობისა.
ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის შეხვედრამდე, ირაკლი კობახიძე ბრიუსელში 3 ნოემბერს გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმში, რომელიც ამ საკითხს ეძღვნება. აქვე ხაზგასასმელია, რომ ეს გახლავთ კერძო ინიციატივის ფარგლებში გამართული ღონისძიება, რომლის ორგანიზატორებიც ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურები არ არიან.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ უსაფრთხოებისა და დაკავშირბადობის შესახებ სპეციალური ფორუმი 16 ნოემბერს გაიმართება, სადაც საქართველო დაპატიჟებულია. არსებული ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებს, თუმცა წარმომადგენლის ვინაობა უცნობია.
"ეს შესაძლოა იყოს მაკა ბოჭორიშვილი" - გვეუბნება წყარო, რომლის თქმითაც, საბოლოო პასუხი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. შარშან, ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე თბილისმა უარი განაცხადა, რადგანაც ელჩის დონეზე იყო მოწვეული.
2028 წლის არჩევნები: სამომავლო პოლიტიკის განსმაზღვრელი თარიღი?
კიდევ ერთი საკითხი, რაც ჩვენთან საუბრის დროს სამივე წყარომ დაასახელა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებია. ბრიუსელის ცალსახა რეკომენდაციაა, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, მიუხედავად დამძმებული საარჩევნო კოდექსისა და მკვეთრად გაუარესებული პოლიტიკური სიტუაციისა.
თუმცა, ეს პოზიცია, არსებული სახით, იქამდე ჩამოყალიბდა, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ყველაზე პოპულურალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვას აქტიურად დაიწყებდა.
ასევე, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება იმის ვარაუდიც, რომ თუკი 2028 წლის შემდეგ პოლიტიკური ცვლილება არ განხორციელდა, მაშინ ე.წ "ტრანზაქციული ურთიერთობების" არგუმენტი, ევროკავშირის შიგნით კიდევ უფრო მძლავრი გახდება.
ამ ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2027 წლის იანვარში, საქართველოს საკითხის სიღრმისეული განხილვა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატში გაიმართება, რაზეც განცხადება კაია კალასმა ოქტომბერში გააკეთა.