13:32 | 17 სექტემბერი, 2026 — აშშ
ფედერალურმა რეზერვმა საბაზისო განაკვეთი გაზარდა, რომლის დაწევას ტრამპი წლებია ითხოვს
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა პირველად ბოლო 3 წლის განმავლობაში გაზარდა საბაზისო განაკვეთი, რომლის დაწევასაც დონალდ ტრამპი უკვე წლებია, ითხოვს.
ვითარების არსი: საუბარია 0.25%-იან ზრდაზე, რომლის შემდეგაც მაჩვენებელი 3.75-4%-მდეა - ცენტრალური ბანკების მიერ საბაზისო განაკვეთების გაზრდა ინფლაციის ზრდის შემაკავებელ ძირითად ინსტრუმენტად მიიჩნევა.
- "აშკარა ფაქტია, რომ ინფლაცია ძალიან მაღალია“, - განაცხადა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, კევინ უორშმა, რომელმაც თანამდებობა გასულ ზაფხულს დაიკავა.
- საბაზისო განაკვეთის გაზრდას მხარი დაუჭირა საბჭოს თორმეტივე წევრმა, მათ შორისაა ყოფილი თავმჯდომარე ჯერომ პაუელი, რომელსაც ტრამპმა არაერთხელ უწოდა "რეგვენი" მაღალი საბაზისო განაკვეთის შენარჩუნების გამო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რამდენადაც დონალდ ტრამპი წლებია, ითხოვს დაბალ საპროცენტო განაკვეთს, სწორედ ამის გამო გაუფუჭდა ურთიერთობები წინა თავმჯდომარესთან და სწორედ ამ კრიტერიუმით შეარჩია თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატი.
- გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ტრამპი და თავის სოციალურ ქსელში (Truth) წერს, რომ "საბაზისო განაკვეთები ამერიკაში 1% ან უფრო ნაკლები უნდა იყოს".
- ამერიკელმა პრეზიდენტმა მომხდარი საბჭოს წევრებს გადააბრალა: "მე ვუთხარი კევინს, რომ ჯობდა, მხარი დაეჭირა საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, რადგანაც ამას მნიშვნელობა აღარ ექნებოდა. საბჭო ძალიან მტრულია".
კონტექსტი: გადაწყვეტილებას ბაზრების დადებითი რეაქცია და დოლარის გაცვლითი კურსის გამყარება მოჰყვა - საბჭოს მომდევნო სხდომა ოქტომბრის მიწურულს, შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართება.