დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:14 | 17 სექტემბერი, 2026 — აშშ

38 მილიარდი დოლარი და ამოწურული მარაგები - CBO-ს ანგარიში

ტრამპზე შურისძიების დაპირებით აღმართული ბილბორდი თეირანის ცენტრში, ჯომჰურის ქუჩაზე (2026 წლის 27 ივლისი). © AFP

ირანის წინააღმდეგ მიმდინარე 6-თვიანი ომი შეერთებულ შტატებს უკვე 38 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

კონგრესის საბიუჯეტო ოფისის (CBO) პროგნოზით, ეს მაჩვენებელი ყოველთვიურად დამატებით 3 მილიარდი დოლარით გაიზრდება, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტის დასრულებისა და სტრატეგიული ჰორმუზის სრუტის განბლოკვის გზებს ეძებს.

ვითარების არსი: სამხედრო კამპანიის მზარდმა ხარჯებმა აშშ-ის საჰაერო თავდაცვისა და საბრძოლო მარაგები ამოწურვის ზღვარზე მიიყვანა და გლობალური ენერგოკრიზისი გამოიწვია.

  • ომის ეკონომიკური ეფექტი 2027 წლის პირველ კვარტალში აშშ-ში ინფლაციის 0.5%-იან ზრდას გამოიწვევს.
  • ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა პირველად ბოლო 3 წლის განმავლობაში გაზარდა საბაზისო განაკვეთი, რომლის დაწევასაც დონალდ ტრამპი უკვე წლებია, ითხოვს.
  • საუბარია 0.25%-იან ზრდაზე, რომლის შემდეგაც მაჩვენებელი 3.75-4%-მდეა - ცენტრალური ბანკების მიერ საბაზისო განაკვეთების გაზრდა ინფლაციის ზრდის შემაკავებელ ძირითად ინსტრუმენტად მიიჩნევა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საბრძოლო მარაგების კრიტიკულმა შემცირებამ შესაძლოა შეზღუდოს პენტაგონის შესაძლებლობები სხვა გლობალური კონფლიქტების, მაგალითად, ჩინეთი-ტაივანის ესკალაციის შემთხვევაში.

  • პარალელურად, ომი მძიმე ტვირთად აწვება აშშ-ის ფისკალურ მდგომარეობას; აგვისტოში სახელმწიფო ვალმა 40 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ კი მსოფლიოში ენერგომატარებლებზე ფასები მკვეთრად გაზარდა.

ჩაშლილად: CBO-ს მონაცემებით, აგვისტოს მდგომარეობით ხარჯი $38 მილიარდია. პენტაგონის გენერალური ინსპექტორის ივნისის ანგარიშით კი - $33.4 მილიარდი.

  • განადგურებულია $3.7 მილიარდის ღირებულების სამხედრო ტექნიკა. მათ შორის: ოთხი F-15E, ერთი უახლესი F-35, 30 ცალი MQ-9 ტიპის დრონი, რადიოლოკაციური სადგურები, E-3 Sentry-ს ტიპის რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავი და საჰაერო გამმართველი თვითმფრინავები.
  • ირანის დარტყმების შედეგად ახლო აღმოსავლეთში განადგურებული და დაზიანებულია ასობით შენობა ამერიკულ ბაზებზე. დიპლომატიური ობიექტების ზარალი $184 მილიონს შეადგენს.
  • ომს 18 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, ასობით კი დაიჭრა. 

1) F-35-ის ტიპის სტელს გამანადგურებელი. 2) F-15-ის ტიპის გამანადგურებელი. 3) MQ-9 Reaper-ის ტიპის დამრტყმელი დრონი 4) Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა. 5) THAAT-ის ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა.

ხარჯების უდიდესი ნაწილი მაღალტექნოლოგიური საბრძოლო მასალების უპრეცედენტო ხარჯვას უკავშირდება.

  • The Wall Street Journal-ის ცნობით, ივლისის შუა რიცხვებისთვის აშშ-ს უკვე დახარჯული ჰქონდა დაახლოებით 1,700 Patriot-ის, 200-ზე მეტი THAAD-ის და საზღვაო ბაზირების 150-მდე Standard Missile (SM) კლასის ანტი-ბალისტიკური რაკეტა.
  • ამერიკამ თითქმის სრულად ამოწურა შორი მოქმედების მაღალი სიზუსტის რაკეტების მარაგი, ხოლო CSIS-ის მონაცემებით, Patriot-ისა და THAAD-ის რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსების მარაგები განახევრებულია.
  • დანახარჯების სიმძიმეს ასახავს გასულ კვირას იორდანიაზე ირანის სარაკეტო თავდასხმის მოგერიება - მხოლოდ 20 ბალისტიკური რაკეტის გასანეიტრალებლად აშშ-მა 70-ზე მეტი ძვირადღირებული ანტი-ბალისტიკური რაკეტა (60-70 Patriot და 10-ზე მეტი THAAD) გაისროლა.
  • ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ომის სხვა ეტაპებზე ეს რაოდენობა მთელი კვირის სამყოფ მარაგს წარმოადგენდა. აღნიშნული ხაზს უსვამს ირანის გაზრდილ შესაძლებლობებს, ზუსტი დარტყმები მიაყენოს ამერიკულ სამიზნეებს და გადატვირთოს აშშ-ის საჰაერო თავდაცვა.
  • თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა სენატში მოსმენისას განაცხადა, რომ მარაგების შესავსებად საგანგებო დაფინანსების სახით თითქმის $90 მილიარდია საჭირო. დანაკლისის სრულად აღდგენას, სავარაუდოდ, 5 წელი დასჭირდება.
  • მიუხედავად აშკარა დეფიციტისა, თეთრი სახლი და პენტაგონის სპიკერები ოფიციალურად უარყოფენ პრობლემას და აცხადებენ, რომ არმიას სტრატეგიული მიზნების შესასრულებლად საკმარისი არსენალი აქვს.

დამატებითი დეტალები: საზოგადოებრივი სკეპტიციზმი იზრდება - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვით, ამერიკელთა მხოლოდ 23% (და რესპუბლიკელების მხოლოდ ნახევარი) მიიჩნევს, რომ ომის დაწყების შემდეგ ირანთან მიმართებით აშშ-ის პოზიციები გაძლიერდა.

  • ირანის ბალისტიკური რაკეტების სიზუსტის გაზრდაზე საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა ტელეკომოპანია CNN-მა.
  • CNN-ის თანახმად, საუდის არაბეთში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ირანის დამანგრეველ თავდასხმამდე ორი დღით ადრე, ობიექტის თავზე 14-მა რუსულმა ჯაშუშურმა თანამგზავრმა გადაიფრინა.
  • ტელევიზიის თანახმად, კოსმოსური აპარატების გადაფრენის დრომ და თანმიმდევრობამ მონაცემთა ფართო სპექტრზე წვდომა უზრუნველყო.
  • ამერიკელი მაღალჩინოსნებისა და საერთაშორისო სადაზვერვო წყაროების ცნობით, სწორედ ეს ინფორმაცია დაეხმარა თეირანს, ამერიკულ სამიზნეებზე თავისი ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი დარტყმები განეხორციელებინა


price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე