ომანში დემონსტრანტები პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა

ომანის პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა დემონსტრანტები, რომლებიც ეკონომიკურ პრობლემებს და სამსახურებიდან მასობრივ დათხოვნებს აპროტესტებდნენ.

ქალაქ სოჰარში, ომანის დედაქალაქ მუსკატიდან 200 კილომეტრში, პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.

აქტივისტები სოციალურ ქსელებში ვიდეოებს აქვეყნებენ, სადაც ჩანს რომ დემონსტრანტები პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას ქვების სროლით პასუხობენ. ომანის სამეფო პოლიციას ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი. 

ქალაქი სოჰარი 2011 წელს, არაბული გაზაფხულისას, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების ეპიცენტრი იყო.

ომანი ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია. ქვეყანას ათეულობით მილიარდი დოლარის ვალი აქვს და სამუშაო ადგილები მასობრივად მცირდება. განსაკუთრებით რთულია დასაქმება ახალგაზრდებისთვის. სიტუაცია კორონავირუსის შესაჩერებლად დაწესებულმა შეზღუდვებმა და კარანტინმა კიდევ უფრო დაამძიმა.

მსგავსი სიახლეები