ორბანმა პუტინს რუსული გაზის მიწოდების გაზრდა სთხოვა

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ვლადიმირ პუტინს რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდა სთხოვა.

ორბანთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ცენტრალური ევროპის ქვეყანას გაზის მიწოდებას 4.5 მილიარდი კუბური მეტრიდან 5.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაუზრდის.

გასული წლის სექტემბერში უნგრეთმა რუსულ სახელმიწფო კომპანია გაზპრომთან ბუნებრივი აირის შესყიდვის 15-წლიან ორმხრივ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

საკუთარი ენერგოპოლიტიკით ნატოსა და ევროკავშირის წევრი უნგრეთი წინააღმდეგობაში მოდის სხვა ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც რუსულ ბუნებრივ აირზე ჭარბ დამოკიდებულებაზე საუბრობენ.

ორბანის ნაბიჯი დაგმეს კიევში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთში რუსული გაზის მიწოდების ზრდას „პოლიტიკურად და ეკონომიკურად არაგონივრული გადაწყვეტილება“ უწოდეს, რომელიც „უკრაინის ეროვნულ ინტერესებს და უკრაინულ-უნგრულ ურთიერთობს აყენებს ზიანს“.

ორბანმა, რომელიც პუტინთან ახლო ურთიერთობით გამოირჩევა, განაცხადა, რომ ბუდაპეშტი მოსკოვთან მრეწველობის, ტურიზმის და ეკონომიკის სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას აპირებს.

ორი ქვეყნის ლიდერებმა 1 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე კორონავირუსის რუსულ ვაქცინაზე - სპუტნიკზე - ისაუბრეს, რომლის წარმოებასაც უნგრეთი უახლოეს მომავალში გეგმავს.

ორბანის მოსკოვური ვიზიტი აღმოსავლეთ ევროპაში რუსული სამხედრო მობილიზაციის გამო შექმნილ დაძაბულობას ემთხვევა.

უნგრეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ „ნატოს და რუსეთს შორის უკრაინის თაობაზე პოზიციები განსხვავებულია, თუმცა კომპრომისის მიღწევა შესაძლებელი რჩება."

ორბანმა რუსეთზე დაწესებული სანქციებიც გააკრიტიკა, როგორც საგარეო პოლიტიკის „არაფექტიანი ინსტრუმენტი“.

მსგავსი სიახლეები