პალესტინის პრემიერი: ფართო შეთანხმების გარეშე, ღაზაში ხელისუფლებაში არ დავბრუნდებით

თუ ისრაელი ღაზას სექტორში ჰამასის ხელისუფლებას დაამხობს, პალესტინის ადმინისტრაცია ტერიტორიის მართვას არ გეგმავს, თუ "ყოვლისმომცველი" გადაწყვეტა არ იქნება, რომელიც დასავლეთ სანაპიროსაც მოიცავს. ამის შესახებ პალესტინის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ შტაიემ განაცხადა. 

"პალესტინის ხელისუფლება წავიდეს ღაზაში და მართოს ღაზას სექტორი დასავლეთ სანაპიროზე პოლიტიკური გადაწყვეტის გარეშე, თითქოს პალესტინის ხელისუფლება F-16-ებით ან ისრაელის ტანკებით მიდის? ამას არ ვეთანხმები. ჩვენი პრეზიდენტიც [მაჰმუდ აბასი] არ მიიღებს. არცერთი ჩვენგანი არ მიიღებს ამას." - განაცხადა შტაიემ.

"ვფიქრობ, რაც ჩვენ გვჭირდება არის ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხედვა", - თქვა პრემიერ-მინისტრმა The Guardian-თან ინტერვიუში. "დასავლეთ სანაპიროს სჭირდება გამოსავალი და შემდეგ ღაზასთან კავშირი ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის ფარგლებში."

შტაიეს თქმით, პირველი პრიორიტეტი ღაზას დაბომბვის და დასავლეთ სანაპიროზე ძალადობის შეჩერებაა. მისი თქმით, დასავლეთ სანაპიროზე ბოლო სამი კვირის განმავლობაში ისრაელის არმიამ და უკანონო მოსახლეებმა 110 პალესტინელი მოკლეს.

მსგავსი სიახლეები