პაველი: უკრაინის გამარჯვების გარდა, ომის სხვა დასასრულს ვერ ვხედავ

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პირველი პრეზიდენტია, რომელიც ბოლო 14 წლის განმავლობაში ჩეხეთს ეწვია. ეს განცხადება ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა პრაღაში, ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

პაველმა გაიხსენა, რომ მისი პირველი ვიზიტი სახელმწიფოს მეთაურის რანგში უკრაინაში შედგა და ზელენსკის ვიზიტს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების აღდგენის ნიშნად მიიჩნევს.

მან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინელი ხალხის გამბედაობა აღნიშნა, ასევე "ზელენსკის გამბედაობა, რომლითაც ის მოგზაურობს მსოფლიოში."

"ისეთი მტრის ყოლა, როგორიც რუსეთია, რომელიც მუდმივად ემუქრება მას (ზელენსკის - რედ.), ასეთ სიტუაციაში ქვეყნისთვის მხარდაჭერის ძებნა - უბრალოდ აღფრთოვანებას იწვევს," - განაცხადა პაველმა და თქვა, რომ მას ზელენსკი შთააგონებს.

მან ასევე უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ კონტრშეტევის დაწყებაზე ისაუბრა.

"უკრაინელებმა აჩვენეს, რომ რუსეთის ფედერაცია შორს არის ისეთი ძლიერებისგან, როგორაც ამას მსოფლიოს წინაშე წარმოაჩენდა," - აღნიშნა პაველმა.

"უკრაინის მხარდაჭერა ყოველთვის იქნება ჩვენი მიზანი. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, ჩვენ ყველაფერი მოვიგოთ, შევინარჩუნოთ ღირებულებები, რომლებზეც ჩვენი საზოგადოებაა აგებული. არც ვოლოდიმირ ზელენსკი და არც უკრაინა არ დარჩენილა მარტო ამ სიტუაციაში, თქვენ შეგიძლიათ მომავალში ჩვენი თანადგომის და დახმარების იმედი გქონდეთ. ჩვენ ისე დაგეხმარებით, როგორც რუსული აგრესიის პირველ დღეებში." - დასძინა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

პაველის თქმით, ჩეხეთმა 45 მილიარდი კრონი (დაახლოებით $2 მილიარდი) გამოყო უკრაინის დასახმარებლად, უზრუნველყო 607 ერთეული მძიმე ტექნიკა და საბრძოლო მასალა.  

"ზელენსკი ჩამოვიდა არა მხოლოდ ჩვენდამი მადლიერების გამოსახატავად, არამედ იმის გასაგებად, რომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინასთან ყოფნას, მხარს დავუჭერთ მას იმაში, რისთვისაც ბოლო დროს ვიბრძოდით. ჩვენ ვიბრძოდით ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, რათა დამოუკიდებლად გადაგვეწყვიტა თუ რომელ ორგანიზაციაში გვინდა ვიყოთ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინას უნდა დავუჭიროთ მხარი. უკრაინის გამარჯვების გარდა, ომში სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, რადგან ღმერთმა ნუ ქნას და რუსეთმა გაიმარჯვოს, მაშინ ყველა ჩვენი ღირებულება განადგურდება," - დაასკვნა პაველმა.

მსგავსი სიახლეები