პენტაგონი: ჩინეთის ბირთვული არსენალი იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე ვვარაუდობდით
პენტაგონის განცხადებით, ჩინეთი ბირთვულ არსენალს გაცილებით სწრაფი ტემპით ზრდის, ვიდრე ამას აშშ-ს თავდაცვის მთავარი უწყება ერთი წლის წინ ვარაუდობდა.
შარშან პენტაგონის გათვლით, ჩინეთს მარაგში 200-მდე ბირთვული ქობინი ჰქონდა. ახლანდელი პროგნოზით კი ჩინური ბირთვული არსენალი სულ მცირე ორჯერ უფრო დიდი უნდა იყოს.
კონგრესისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, ჩინეთი მიზნად ისახავს, 2030 წლამდე არსენალის 1000 ბირთვულ ქობინამდე გაზრდას.
აშშ თვლის, რომ ჩინეთის შეიარაღებულ ძალებს უკვე ხელთ აქვთ „ბირთვული ტრიოს“ სახელით ცნობილი მექანიზმი, რომელიც საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით ბირთვული ქობინების გადატანის შესაძლებლობას იძლევა.
პარალელურად, ჩინეთი კონტინენტთაშორისი რაკეტების მარაგს ავსებს და სამ ახალ სარაკეტო ბაზაზე მუშაობს, ნათქვამია ანგარიშში.
ჩინეთის ბირთვულ ამბიციები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ დროს, როცა სულ უფრო აშკარა ხდება წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინურ-ამერიკული დაპირისპირება.
აშშ-ს გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, ჩინეთი სულ უფრო „ნათლად და არაორაზროვნად“ აჩვენებს, რომ მას ტაივანში სამხედრო ინტერვენციის წამოწყება შეუძლია.
ანგარიშის სრულ ვერსიას გაეცანით აქ.
სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის თანახმად, აშშ დღეს 5 550 ბირთვულ ქობინს ფლობს, რუსეთს კი 6 255 ქობინიანი მარაგი აქვს.