პენტაგონი: რუსეთის წინსვლა დონბასში ნელი და არამდგრადია

აშშ-ს თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა ანონიმურ ბრიფინგზე უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე არსებული ვითარება შეაფასა. პენტაგონის განმარტებით, რუსეთის წინსვლა დონბასში უმნიშვნელო და არამდგრადია. მაღალჩინოსნის სიტყვებს CNN ავრცელებს

პენტაგონის მაღალჩინოსნის შეფასებით დონბასში რუსეთი წინ ნელა მიიწევს და ეს წინსვლა არ არის თანაბარი, ამის მიზეზად კი უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტური წინააღმდეგობა და რუსეთის არმიის მოუგვარებელი ლოჯისტიკური სირთულეებია. 

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, დონბასის რეგიონში ბევრი დასახლებაა, რომელზეც მდგრადი კონტროლის დამყარებას ვერცერთი მხარე ვერ ახერხებს. 

სამხედრო ჩინოსნის ცნობით, ამ დროისთვის რუსეთს უკრაინაში მობილიზებული ჰყავს 92 ბატალიონ-ტაქტიკური ჯგუფი, წინა კვირას იგივე მაჩვენებელი 85 ჯგუფს შეადგენდა. ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში ზრდის მიუხედავად ლოჯისტიკური ჩავარდნების ფონზე საოკუპაციო ძალები ვერ ახერხებენ არსებით გარღვევას და დღეში მაქსიმუმ რამდენიმე კილომეტრით მიიწევენ წინ. 

პენტაგონის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ რუსეთის არმიის წინსვლა ქალაქ იზიუმიდან სამხრეთით და აღმოსავლეთით შეიმჩნევა, თუმცა ამ მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტურ წინააღმდეგობას აწყდებიან. 

მიუხედავად იმისა, რომ მარიუპოლისთვის ბრძოლები ამ დრომდე მიმდინარეობს აშშ-ს თავდაცვის უწყების ცნობით რუსეთის არმიის გარკვეული დანაყოფები მარიუპოლიდან ზაპოროჟიეს მიმართულებით გადაისროლეს. 

პენტაგონის თქმით, ომის დაწყებიდან ამ დრომდე რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1900-ზე მეტი რაკეტა ისროლა. 

ამერიკელი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ რუსეთის არმიაში კვლავ განიცდის დაბალი საბრძოლო სულისკვეთების პრობლემას - განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ბატალიონ-ტაქტიკური ჯგუფების გაძლიერებას წვევამდელების ჩართვით ცდილობს. 

 

მსგავსი სიახლეები