პოლონეთი რუსეთიდან ბრილიანტისა და თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვას ითხოვს
პოლონეთი ევროკავშირს სანქციების მე-12 პაკეტის ფარგლებში რუსეთიდან ბრილიანტისა და თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვას სთავაზობს.
ამის შესახებ PAP ევროკავშირში წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ვარშავის წინადადება მოიცავს რუსეთიდან ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას, მომსახურების სექტორში შემდგომ შეზღუდვებს, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის სუბიექტებისთვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიწოდების, ასევე რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვას.
პოლონეთი ასევე ითხოვს დამატებით სანქციებს თავდაცვის სექტორში მოქმედი კომპანიების და იმ მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რომლებიც ავრცელებენ კრემლის დეზინფორმაციას ომის შესახებ. გარდა ამისა, პოლონეთ ითხოვს იმ ოლიგარქების სანქცირებას, რომლებიც მხარს უჭერენ ომს, ასევე კომპანიების, რომლებიც დაკავშირებულია რუსულ Росатом-თან.
პოლონეთის წინადადება ასევე მოიცავს სანქციებს სინთეტიკური რეზინისა და ფოლადის წინააღმდეგ.