პოლონეთში აბორტის შესახებ კანონს აპროტესტებენ

 

 

შაბათს პოლონეთის ქალაქებში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა აბორტის შესახებ კანონის გასაპროტესტებლად, რომელიც ორსულობის შეწყვეტას თითქმის ყველა შემთხვევაში კრძალავს.

სახალხო პროტესტის აგორების მიზეზი ცოტა ხნის წინ ოცდაათი წლის ფეხმძიმე ქალის გარდაცვალება გახდა.

გარდაცვლილის ადვოკატის თქმით, ნაყოფის განვითარება ქალის სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, თუმცა გამკაცრებული კანონი აბორტის გაკეთების უფლებას გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშიც კი არ იძლევა.

გასული წლის ოქტომბერში პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აბორტი უკანონოდ გამოცხადდა ისეთ შემთხვევებშიც, როგორიცაა გაუპატიურება, ინცესტი, და სამედიცინო აუცილებლობა, როცა ქალის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

მმართველი, კონსერვატიული „კანონის და სამართლიანობის“ პარტიის განცხადებით, ქალის სიკვდილის მიზეზი ექიმების დაუდევრობა გახდა და სასამართლოს გადაწყვეტილება არაფერ შუაშია.

პროტესტის პარალელურად, პოლონელი კანონმდებლები აბორტის წინააღმდეგ ახალ ზომებს განიხილავენ. ახალი კანონპროექტი აბორტის ჩატარების შემთხვევაში 5-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლონეთში აბორტის აკრძალვა დაგმეს ბრიუსელში. რეზოლუცია, რომელსაც ხელს 445 ევროპარლამენტარი აწერს, პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას „ქალის ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველს“ და „ქალთა ღირსების შემლახველს“ უწოდებს.

 

მსგავსი სიახლეები