პოროშენკო ზელენსკის ავტორიტარიზმში ადანაშაულებს და მოუწოდებს, "ბიბისგან ისწავლოს"

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა და პარტია "ევროპული სოლიდარობის" ლიდერმა პეტრო პოროშენკომ The Times-ს განუცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი, "პოლიტიკური სცენიდან ნებისმიერი კონკურენტის მოშორებას" ცდილობს.
State Of Play: მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას პოროშენკო "მცოცავ ავტორიტარიზმს" უწოდებს, რომელიც დემოკრატიისთვის საფრთხეა.
- უკრაინის მე-5 პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სანქციებმა შეიძლება ხელი შეუშალოს მის არჩევნებში მონაწილეობას და ეს ყველა პოტენციური კანდიდატისთვის გაფრთხილებაა: "დღეს პოროშენკო, ხვალ ზალუჟნი, ზეგ კი ნებისმიერი."
- "რატომ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ მე ბიოლოგიურ, ქიმიურ დონეზე ვეზიზღები," - მიიჩნევს ის.
- პოროშენკომ აღიარა, რომ ზელენსკი მასაც არ მოსწონს, თუმცა "ომის დროს არასდროს გამოუხატავს მტრული დამოკიდებულება" მოქმედი პრეზიდენტის მიმართ.
- უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა აღნიშნა, რომ სულ უფრო მეტი ადამიანია უკმაყოფილო ზელენსკის ქმედებებით და მან ეს მოსაზრებები უნდა მოისმინოს.
Big Picture: "ევროპული სოლიდარობის" ლიდერი აცხადებს, რომ ის ზელენსკის არ აკრიტიკებს, არამედ უბრალოდ რჩევას აძლევს.
- ამავდროულად, მან Times-ს განუცხადა, რომ ზელენსკიმ "საშინელი შეცდომები" დაუშვა, მაგალითად, თებერვალში თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა, რომელიც საჯარო დაპირისპირებით დასრულდა.
- პოროშენკო მიიჩნევს, რომ ზელენსკიმ "ბიბის გამოცდილებიდან უნდა ისწავლოს."
- ყოფილი პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გულისხმობს, რომელმაც შეერთებული შტატები დაარწმუნა ირან-ისრაელის კონფლიქტში ჩართულიყო და ირანის ბირთვული ობიექტები დაებომბა.
Сontext: უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა თავადაც სცადა ტრამპის გუნდთან კავშირების დამყარება თებერვალში ვაშინგტონში ვიზიტის დროს.
- მაგრამ ახლა სანქციები მას საზღვარგარეთ გამგზავრებაში უშლის ხელს.
- სანქციები პოროშენკოს ასევე ხელს უშლის უკრაინის სამხედრო ძალების მხარდაჭერაში, რომელსაც, მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში 200 მილიონი დოლარი შესწირა.
- ზელენსკიმ თქვა, რომ პოროშენკოს წინააღმდეგ სანქციებს მოხსნის, თუ ის ქვეყნიდან გატანილ ფულს არმიას გადასცემს.
- Forbes-ის ცნობით პოროშენკოს ქონების ღირებულება 2 მილიარდი დოლარია.