პრეზიდენტმა ბაიდენმა „დემოკრატიის სამიტი“ გახსნა

 

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „დემოკრატიის სამიტი“ გახსნა.

ონლაინ-ღონისძიება, რომელიც თეთრი სახლის ინიციატივით ტარდება, თავს პოლიტიკურ ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებს 111 ქვეყნიდან მოუყრის.

ორგანიზატორების თქმით, სამიტის მიზანს დემოკრატიულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და „მზარდი ავტორიტარიზმის“ შეკავება წარმოადგენს.

ღონისძიებაზე, რომელიც ორ დღეს გასტანს, სიტყვით გამოვლენ აშშ-ს პრეზიდენტი ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ახალი ზელანდიის, შვედეთის, დანიის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, სლოვაკეთის, მოლდოვის, საქართველოს და სხვა ქვეყნების ლიდერები.

სამიტს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატები, ჟურნალისტები მარია რესა და დმიტრი მურატოვი გახსნიან.

დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვლენ ავტორიტარულ ქვეყნებში დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებიც, მათ შორის - ხუან გუაიდო ვენესუელიდან, ჰონგ კონგელი აქტივისტი ნათან ლო და ბელარუსელი სვეტლანა ციხანოუსკაია.

დემოკრატიული თავყრილობა დაგმეს ჩინეთმა და რუსეთმა. პეკინი, რომელიც განსაკუთრებით გააღიზიანა სამიტზე ტაივანის დელეგაციის მიწვევამ, ვაშინგტონს „ცივი ომის მენტალიტეტის“ დაბრუნებაში ადანაშაულებს.


გამოცემა The Economist-ის დემოკრატიის ინდექსის თანახმად, 2020 წელს ქვეყნების 70 %-ში დემოკრატიის მდგომარეობა გაუარესდა, რაც 2006 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.

მსგავსი სიახლეები