დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

16:53 | 30 სექტემბერი, 2026 — ევროკავშირი

ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნებისთვის საკუთარ ბაზარზე წვდომის გახსნას განიხილავს - Politico

ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებს შესთავაზებენ "ეტაპობრივ ინტეგრაციას" ბლოკის ერთიან ბაზარზე, რაც მოიცავს დაბრკოლებების გარეშე ვაჭრობასა და კვლევით-სამეცნიერო პროგრამებზე წვდომას, სანამ მათი განაცხადების განხილვის პროცესი მიმდინარეობს. ამ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ვითარების არსი: გეგმის თანახმად, ევროკავშირი თავის ბაზარს გაუხსნის კანდიდატ ქვეყნებს იმ პირობით, თუ ისინი დათანხმდებიან ბლოკთან ერთად იმოქმედონ მტრულად განწყობილი სახელმწიფოებისა და ინდუსტრიული კონკურენტების წინააღმდეგ.

  • "უფრო ადრეული ინტეგრაცია შესაძლებლობებს გაუხსნის კავშირის საწარმოებს, განამტკიცებს ღირებულების შექმნის ევროპულ ჯაჭვებს და შეამცირებს სტრატეგიულ დამოკიდებულებას. კომისია განსაზღვრავს, თუ რომელ სფეროებში იძლევა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების დადასტურებული დაახლოება და მათი შესრულების უნარი უფრო ღრმა მონაწილეობის საშუალებას სამეცნიერო კვლევებში, ინოვაციებსა და ინდუსტრიულ თანამშრომლობაში, ასევე უფრო ფართო წვდომას ბაზარზე," - ნათქვამია წინადადების პროექტში.

სტრიქონებს შორის: ეს მიმოხილვა, რომელიც მომზადებულია ევროკომისიის პრეზიდენტის მრჩევლის, ალექსანდრ ადამის ხელმძღვანელობით, კარდინალურად შეცვლის რეგიონის ქვეყნებისადმი ევროკავშირის მიდგომას.

  • ამჟამად უფრო მჭიდრო თანამშრომლობის თითქმის ყველა ეკონომიკური სარგებელი ექსკლუზიურად ევროკავშირის წევრებისთვისაა განსაზღვრული, ხოლო 2013 წლის შემდეგ, ხორვატიის შეერთების მერე, ევროკავშირში არცერთი ახალი სახელმწიფო არ გაწევრიანებულა.
  • მიმოხილვის ფარგლებში უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთსა და მონტენეგროს "საგზაო რუკებს"მშესთავაზებენ, რომლებმაც უახლოეს წლებში გაწევრიანების პროცესი უნდა დააჩქარონ.
  • სხვა ქვეყნებში, როგორებიცაა ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბეთი და თურქეთი, ეს პროცესი ჭიანურდება - ამასთან, იზრდება შიში, რომ ისინი დაშორდებიან ევროკავშირს ან დაახლოვდებიან რუსეთთან ან ჩინეთთან.

ჩაშლილად: კომისიის გეგმის თანახმად, კანდიდატი ქვეყნებისთვის შეთავაზებული ეკონომიკური სარგებელი დამოკიდებული იქნება მათ მიერ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნების მხარდაჭერაზე, ხოლო ერთიან ბაზარზე წვდომა - იმაზე, გადასცემენ თუ არა საკვანძო ტექნოლოგიებს მტრულად განწყობილ სახელმწიფოებსა და სავაჭრო კონკურენტებს.

  • "ინდუსტრიული და საბაზრო ინტეგრაციის გაღრმავებასთან ერთად, სენსიტიურ სექტორებში მონაწილეობას თან უნდა ახლდეს თანამშრომლობა ინვესტიციების შემოწმების, ექსპორტის კონტროლის, სანქციების დაწესებისა და სენსიტიური ტექნოლოგიების დაცვის სფეროში," - ნათქვამია დოკუმენტში.

დიდი სურათი: მიმოხილვის თანახმად, კანდიდატი ქვეყნების საბოლოო მიზანი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მოპოვება უნდა იყოს, ხოლო ეს დრო "სრულად  უნდა გამოიყენონ სტრატეგიულად როგორც კავშირის გასაფართოებლად მოსამზადებლად, ასევე საერთო ინტერესის სფეროებში ეტაპობრივი ინტეგრაციის გასაღრმავებლად."

  • ევროკომისიამ 6 ოქტომბრისთვის გადადო იმ შეფასების წარდგენა, თუ როგორ იმოქმედებს ევროკავშირის მომავალი გაფართოება მის საკვანძო პოლიტიკაზე და რა ცვლილებები შეიძლება დასჭირდეს თვითონ ევროკავშირს ახალი წევრი სახელმწიფოების მიღებისთვის.
  • მანამდე გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პროცესში ცვლილებების ოთხი მიმართულება წარადგინა - ბლოკის შიდა რეფორმები, გაძლიერებული დემოკრატიული გარანტიები, ეტაპობრივი ინტეგრაცია და გარდამავალი ზომები.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე