Reuters: ირანმა გააფრთხილა ჰამასი, რომ ომში პირდაპირ არ ჩაერთვება
ირანის უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ჰამასის პოლიტიკური ლიდერები გააფრთხილა, რომ მისი ქვეყანა პირდაპირ არ ჩაერთვება ისრაელთან მიმდინარე ომში.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"თქვენ არ გაგიფრთხილებივართ 7 ოქტომბერს ისრაელზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ, ჩვენ არ ჩავერთვებით ომში თქვენი სახელით",- განუცხადა ხამენეიმ ჰამასის ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერს ნოემბრის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე.
წყაროს ცნობით, ხამენეი ჰამასის პოლიტბიუროს ლიდერს, ისმაილ ჰანიეს შეხვდა. ირანის ლიდერმა ჰანიეს უთხრა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებას ჰამასის პოლიტიკურ და მორალურ მხარდაჭერას, თუმცა მისგან ჰამასის იმ წევრების დაოკება მოითხოვა, რომლებიც ირანისგან და ჰეზბოლასგან ომში ჩართვას მოითხოვენ.
ამავე წყაროების ცნობით, ჰამასის თავდასხმა მოულოდნელი იყო ჰეზბოლასთვისაც, რომლის დანაყოფებიც ისრაელის საზღვართან არ იყვნენ საბრძოლო მზაობის მდგომარეობაში.
"ჩვენ გავიღვიძეთ იმით, რომ ომი დაიწყო",- განაცხადა ჰეზბოლას წევრმა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში.
კონტექსტი
მიმდინარე კრიზისი არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანის მიერ ორგანიზებული ე.წ. წინააღმდეგობის რკალის სრული მობილიზება ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე.
ირანის მიერ მართული ჰეზბოლა ყოველდღიურად აწარმოებს შეტაკებებს ისრაელის თავდაცვის ძალებთან საზღვირპირა ზოლში. პრო-ირანული შეიარაღებული დანაყოფები პერიოდულად დრონებისა და რაკეტების გამოყენებით უტევენ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ინფრასტრუქტურას სირიასა და ერაყში.
დაპირისპირებაში ჩაერთნენ ირანის მიერ კონტროლირებადი იემენელი ჰუსიტებიც - დაჯგუფება რამდენიმეჯერ შეეცადა ისრაელის ტერიტორიის დაბომბავს დრონებითა და შორეული რაკეტებით.