რუსეთის მორიგი მასირებული საჰაერო შეტევა უკრაინაზე

11 აპრილს, ღამით, რუსეთმა, უკრაინის 5 სხვადასხვა რეგიონში არსებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კომბინირებული საჰაერო იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, გენერალ- ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკის მიხედვით, მოწინააღმდეგის მხრიდან გამოყენებული 82 საჰაერო საშუალებებიდან, 57-ის განადგურება მოხერხდა.

ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის მიმართ გამოყენებული იქნა შემდეგი საჰაერო საშუალებები

  • 20 ფრთოსანი რაკეტა Х-101/Х-555
  • 6 აერობალისტიკური რაკეტა Х-47М2 «Кинжал»
  • 12 ერთეული S-300-ის საზენიტო რაკეტა
  • 40 კამიკაძე-დრონი
  • 4 ფრთოსანი რაკეტა Х-59

გენერალი ოლეშჩუკი აღნიშნავს, რომ საჰაერო სამიზნეების განადგურებაში მონაწილეობას იღებდნენ ავიაგადამადგურებლები, საზენიტო საშუალებები, მობილური საცეცხლე ჯგუფები და რადიოელექტრონული ბრძოლის დანაყოფები.

დარტყმის ობიექტებს წარმოადგენდა ხარკივის, ზაპორიჟიის, ოდესის, მიკოლაევის, ლვივის და კიევის ოლქებში მდებარე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.

„მტერმა მორიგ ჯერზე მიიტანა იერიში ჩვენ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე! შეტევა განხორციელდა გენერატორებისა და გადამანაწილებელ ობიექტებზე“ - წერს საკუთარ Facebook  გვერდზე უკრაინის  ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშჩენკო.

ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს, კიევში მდებარე უდიდესი თბოელექტროსადგური წარმოადგენდა, რომელიც, „ცენტრენერგოს“ განცხადებით, მთლიანად განადგურებულია.

კომპანია „უკრენეგრგოს“ პრესსამსახურის მიხედვით - „რუსეთმა, მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა 5 რეგიონში არსებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მტრის დრონებითა და რაკეტებით დაზიანდა „უკრენეგროს“ ქვესადგურები და გენერატორები ოდესის, ხარკივის, ზაპორიჟიის, ლვივისა და კიევის ოლქებში“.

უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში აფრთხილებდა დასავლელ მოკავშირეებს, რომ, თუ რუსეთი იგივე ინტენსივობით გააგრძელებს კომბინირებულ საჰაერო იერიშებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, საჰაერო თავდაცვის საშუალებების დეფიციტის ფონზე, უკრაინა ვერ შეძლებს ამ ობიექტების დაცვას.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას მიხედვით, ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც რუსეთი მათ წინააღმდეგ იყენებს, წუთების განმავლობაში შეუძლია სამიზნემდე მიღწევა და გაცილებით რთული ჩამოსაგდებია. სწორედ ამიტომ სჭირდება უკრაინისას პეტრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

კონტექსტი

რუსეთის ფედერაცია 2024 წლიდან მოყოლებული, ყოველდღიურად თავს ესხმის უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

ყველაზე მასშტაბური საჰაერო შეტევა უკრაინაზე 22 მარტს განხორციელდა, როდესაც, რუსეთმა, უკრაინის წინააღმდეგ 151 ერთეული სხვადასხვა სახის საჰაერო საშუალება გამოიყენა ენერგეტიკული და სხვა სახის მნიშვნელოვან ობიექტებზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთმა, უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე იერიშების მიტანის ტაქტიკა შეცვალა. ახლა, ისინი, საჰაერო საფრთხეებისგან ნაკლებად დაცულ ობიექტებს ბომბავენ და მათ მთლიან განადგურებას ცდილობენ.

მსგავსი სიახლეები