რუსეთმა ჩამოგდებული ამერიკული დრონის ნამსხვრევები იპოვა - მედია

რუსეთმა შავ ზღვაში ჩამოგდებული ამერიკული დრონის, MQ-9 Reaper-ის ნამსხვრევები იპოვა. ამის შესახებ 16 მარტს CNN აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

თავის მხრივ, რუსული პროპაგანდისტული გამოცემა ForPost, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი დაახლოებით 850-900 მეტრის სიღრმეზე იპოვეს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, წყალქვეშა რობოტი, რომელმაც MQ-9 Reaper აღმოაჩინა, ზღვის ფსკერზე ჩაიძირა.

ForPost-ის თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებულია დრონის შიდა ელექტრონული სისტემით და მისი ძრავით.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ 14 მარტს განაცხადა, რომ რუსული თვითმფრინავები ხშირად უჭრიან გზას ამერიკულ უპილოტო საფრენ აპარატებს შავი ზღვის თავზე და ასეთი შემთხვევები ბოლო კვირებში იყო. თუმცა, მისი თქმით, 14 მარტის ინციდენტი უნიკალურია იმით, რომ რუსეთის ქმედებები იყო განსაკუთრებით "საშიში, არაპროფესიონალური და დაუფიქრებელი."

მსგავსი სიახლეები