დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

17:29 | 06 ოქტომბერი, 2026 — აშშ

ირანული თავდასხმის საფრთხის გამო, აშშ-მა ბრიტანეთიდან B-1 ბომბდამშენები გაიყვანა - Axios

ირანული თავდასხმის საფრთხის გამო, აშშ-მა დიდი ბრიტანეთის "ფეირფორდის"-ის ავიაბაზიდან 12 ერთეული B-1 Lancer-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენის ევაკუაცია მოახდინა.

ინფორმაციას ამის შესახებ Axios-ი ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გამოცემის ცნობით, ირანი ბაზაზე დრონებით თავდასხმას აპირებდა, რასაც, შესაძლოა, ამერიკელი სამხედროების დაღუპვა და სტრატეგიული ბომბდამშენების განადგურება მოჰყოლოდა.

  • ეს იქნებოდა ევროპაში აშშ-ის ბაზაზე ირანის უპრეცედენტო თავდასხმა, რასაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის დრამატული ესკალაცია მოჰყვებოდა.

მოვლენათა განვითარება: 12 ბომბდამშენის ევაკუაცია ბაზაზე მათი განთავსებიდან სულ რამდენიმე კვირაში მოხდა.

  • პენტაგონმა კვირას განაცხადა, რომ ავიაბაზაზე მყოფი ყველა ამერიკული ბომბდამშენი აშშ-ში დაბრუნდა.
  • უწყება დასძენს, რომ აშშ-ის სტრატეგიულ ბომბდამშენთა ძალები მზადყოფნაში რჩებიან, რათა უზრუნველყონ გლობალური ზუსტი დარტყმები.

დაეწიე ამბავს: ავიაციის გაყვანის გადაწყვეტილება ორმაგი მოქალაქეობის (ბრიტანულ-ირანული) მქონე რამდენიმე პირის დაკავებიდან რამდენიმე დღეში მიიღეს.

  • მათ ბაზაზე იერიშის დაგეგმვაში ედებათ ბრალი.
  • ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველია, დაკავებულები დრონებით სავარაუდო შეტევასთან არიან კავშირში, თუ სხვა თავდასხმას ამზადებდნენ.
  • ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ბრიტანეთს ირანული საფრთხის შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია სწორედ ისრაელმა მიაწოდა.

რას ამბობენ: ინციდენტის პირველადი გამოხმაურების დროს, რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბომბდამშენების გადაადგილება მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის საჰაერო ძალების "რეგულარული როტაციის" ნაწილი იყო და ირანულ საფრთხეს პირდაპირ არ უკავშირდებოდა.

  • თუმცა, რამდენიმე საათში პრეზიდენტმა ტრამპმა რუბიოს განცხადება უარყო და დაადასტურა, რომ ავიაცია ირანიდან მომდინარე საფრთხის გამო გაიყვანეს.
  • "ისინი შემთხვევით არ გაფრენილან... საფრთხე არსებობდა და მათი გადაადგილება მოგვიწია", - აღნიშნა ტრამპმა.
  • პრეზიდენტმა დასძინა, რომ აშშ-მა იცის, ვინ იდგა საფრთხის უკან და რა კავშირები აქვთ მათ ირანთან.
  • როდესაც ტრამპს Fly Dubai-ს რეისზე ტერორისტული თავდასხმის მცდელობის შესახებაც ჰკითხეს, მან აღნიშნა, რომ მის უკან, დიდი ალბათობით, ირანი დგას.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე