გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) არმინიჭების გადაწყვეტილება შეცდომა იყო.
ვითარების არსი: 23 ნოემბერს ბერლინში, ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა: "დღეს ჩვენ ყველანი, ყოველ შემთხვევაში, წარსულს რომ გადავხედოთ, ვხედავთ, რამხელა შეცდომა იყო 2008 წელს, ბუქარესტში ჩატარებულ ნატოს სამიტზე, უკრაინის ნატოში მიღების შესახებ ამერიკული წინადადების უარყოფა. უკრაინა რომ ნატოს წევრი გამხდარიყო, ამ ომის თავიდან აცილება, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნებოდა."
- გერმანიის კანცლერმა ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის წინადადების ფონზე გააკეთა, რომელიც უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხის ხელახლა განხილვას ეხებოდა.
- "მიმდინარე სიტუაციაში, რუსეთის მაქსიმალისტური პოზიციების გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი კვლავ უნდა წამოვჭრათ," - განაცხადა მაკრონმა ბერლინში, "მსურველთა კოალიციის" სამიტის შემდეგ.
სტრქონებს შორის: მერცმა საფრანგეთის პოზიციას "ლოგიკური" უწოდა. მისი თქმით, ის შეესაბამება უსაფრთხოების იმ გარანტიებს, რომლებიც უკრაინას სჭირდება და რომელთა მიცემასაც ომის დასრულების შემდეგ გეგმავენ.
- კერძოდ, საუბარია იდეაზე, რომ უკრაინამ მიიღოს ნატოს მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარანტიების ანალოგიური დაცვა. მერცის თქმით, უსაფრთხოების ასეთი გარანტიები "ძალიან ახლოსაა" ნატოს წევრობასთან.
- "გულწრფელად რომ ვთქვა, ვერ წარმომიდგენია უკრაინის მომავალი უსაფრთხოების ასეთი გარანტიების გარეშე, რომლებიც მას უკიდურესად სჭირდება. ეს უსაფრთხოების გარანტიებია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის," - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
დიდი სურათი: ანგელა მერკელი მუდმივად ამართლებდა 2008 წელს უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას. კერძოდ, ის ამტკიცებდა, რომ უკრაინას ნატოსკენ სვლა რომ დაეწყო, ომი გაცილებით ადრე დაიწყებოდა.
- 21 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი მოკავშირეებთან შეხვედრებზე კვლავ განიხილება, თუმცა ამის შედეგი ომის დასრულების პირობებზე იქნება დამოკიდებული.
- მანამდე მედია წერდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო პირად საუბრებში სკეპტიციზმს გამოხატავდა როგორც მოლაპარაკებების გზით ომის დასრულების შესაძლებლობის, ისე უახლოეს პერსპექტივაში უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ.