რუსი გენერალი ლეონიდ ივაშოვი პუტინის გადადგომას მოითხოვს

 

რუს ოფიცერთა ასამბლეის თავმჯდომარე, თადარიგის გენერალ-პოლკოვნიკი ლეონიდ ივაშოვი, თადარიგის სხვა ოფიცრებთან ერთად, ვლადიმირ პუტინს მიმართავს. ოფიცრები აღნიშნავენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს თავად რუსეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობას.

"დღეს კაცობრიობა ომის მოლოდინში ცხოვრობს. ომი კი სიცოცხლის გარდაუვალი დაკარგვა, ნგრევა, ხალხის დიდი მასების ტანჯვა, ჩვეული ცხოვრების წესის განადგურება, სახელმწიფოებისა და ხალხების სასიცოცხლო სისტემების დარღვევაა. დიდი ომი უზარმაზარი ტრაგედიაა, მძიმე დანაშაული. 

ადრე რუსეთი აწარმოებდა იძულებით ომებს და, როგორც წესი, მაშინ, როდესაც სხვა გამოსავალი არ იყო, რადგან საფრთხე ემუქრებოდა სახელმწიფოსა და საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესებს.

და რა ემუქრება დღეს თავად რუსეთის არსებობას? შეიძლება ითქვას, რომ საფრთხე ნამდვილად არსებობს – ქვეყანა დასასრულის ზღვარზეა. ყველა სასიცოცხლო სფერო, მათ შორის დემოგრაფია, სტაბილურად დეგრადირებულია და მოსახლეობის გადაშენების ტემპი არღვევს მსოფლიო რეკორდებს, დეგრადაცია სისტემური ხასიათისაა და ნებისმიერ რთულ სისტემაში, ერთ-ერთი ელემენტის განადგურებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი სისტემის კოლაფსი", - ნათქვამია რუსი ოფიცრების ერთობლივ განცხადებაში.

ივაშოვი აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ორ ქვეყანას სამუდამო მტრებად აქცევს და მათ ისედაც მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაზე კიდევ უფრო უარყოფითად იმოქმედებს.

"უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება, პირველ რიგში, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს თავად რუსეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობას; მეორეც, ის სამუდამოდ გახდის რუსებს და უკრაინელებს სასიკვდილო მტრებად. მესამე, დაიღუპება ათასობით ახალგაზრდა, ჯანმრთელი ბავშვი, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს, რაც, რა თქმა უნდა, იმოქმედებს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ჩვენს მომაკვდავ ქვეყნებში."

მიმართვას ოფიცრები ვლადიმირ პუტინის გადადგომის მოთხოვნით ასრულებენ.

"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, რუსეთის ოფიცრები, მოვითხოვთ უარი თქვას ომის პროვოცირების კრიმინალურ პოლიტიკაზე, რომელშიც რუსეთის ფედერაცია მარტო აღმოჩნდება დასავლეთის ერთიანი ძალების წინააღმდეგ და შექმნას პირობები რუსეთის კონსტიტუციის მესამე მუხლის განსახორციელებლად — გადადგეს. მივმართავთ ყველა გადამდგარ და პენსიაზე გასულ სამხედრო მოსამსახურეს, რუსეთის მოქალაქეებს, რეკომენდაციით, რომ იყვნენ ფხიზლად, ორგანიზებულნი, მხარი დაუჭირონ სრულიად რუსეთის ოფიცერთა ასამბლეის საბჭოს მოთხოვნებს, აქტიურად შეეწინააღმდეგონ ომის გაჩაღების მხარდამჭერ პროპაგანდას." - ვკითხულობთ განცხადებაში.

-------------------------------------------

გენერალ-პოლკოვნიკი ლეონიდ ივაშოვი ცნობილი რუსი ოფიცერია. 1999 წელს ის პრიშტინას საერთაშორისო აეროპორტის დაკავების ოპერაციას ხელმძღვანელობდა. ასევე, ივაშოვი ალექსანდრ დუგინს ეხმარებოდა მისი წიგნის, "გეოპოლიტიკის საფუძვლების" დაწერაში.

 

მსგავსი სიახლეები