სამხრეთ კორეის პრეზიდენტი უკრაინის დახმარებაზე: განვიხილავთ ვარიანტებს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა უკრაინისთვის გაწეული დახმარების შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებაზე. 

ამის შესახებ იუნ სოკ იოლმა ჰარვარდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ამგვარი აგრესია არასდროს სრულდება წარმატებით, რათა დავბლოკოთ მომავალში მსგავსი მცდელობებისგან",- განაცხადა იოლმა. 

უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის შესახებ დასმულ კითხვას სამხრეთ კორეის ლიდერმა  პირდაპირ არ უპასუხა - "ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბრძოლის ველზე შექმნილ სურათს და მივიღებთ შესაბამის ზომებს საერთაშორისო ნორმებისა და სამართლის დასაცავად. როგორც ვთქვი, ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტს."

კონტექსტი 

გასულ კვირას Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იუნ სოკ იოლმა პირველად არ გამორიცხა უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა. 

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ამ დრომდე კორეა უკრაინას სხვადასხვა სახის ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა, სეული უკრაინას ამარაგებს ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით, თუმცა ამ დრომდე უარს ამბობს ლეტალური შეიარაღების მიწოდებაზე. 

სამხრეთ კორეა ცნობილია როგორც საარტილერიო ჭურვების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი. სწორედ საარტილერიო ჭურვების სერიოზულ დანაკლის განიცდის უკრაინა, პარტნიორების მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად სეული ამ დრომდე გაურბოდა ამ ნაბიჯს. სეული არ სურდა დაძაბულობა რუსეთთან სადაც უმსხვილესი კორეული კორპორაციები ფლობენ მსხვილ აქტივებს.

სამხრეთ კორეაში ფიქრობენ, რომ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შემდეგ მოსკოვი კიდევ უფრო გააღრმავებს სამხედრო თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეასთან. 

გასული წლის შემოდგომაზე Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სეული დათანხმდა 100 ათასი საარტილერიო ჭურვის მიყიდვას აშშ-სთვის, რომელიც მოგვიანებით უკრაინის განკარგულებაში აღმოჩნდა. 

რამდენიმე დღის წინ კორეული გაზეთი DongA Ilbo საკუთარ წყაროებზე წერდა, რომ სეულსა და ვაშინგტონს შორის კიდევ ერთი შეთანხმება შედგა, ამჯერად 500 ათასს ჭურვზე. წყაროების ცნობით ეს აშშ-ს მისცემს უფრო მეტ მოქნილობას უკრაინის სამხედრო დახმარების კონტექსტში. 

გარდა ამისა, მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სეული დათანხმდა მესამე ქვეყნების მიერ კორეულ შასიზე დაფუძნებული KRAB-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების გადაცემას. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სეულმა ოფიციალურად დაადასტურა კორეული მაკოპლექტებლებისგან შემდგარი შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემა. 

მსგავსი სიახლეები