სასამართლო დავის გამო ევროკავშირმა პოლონეთს 70 მლნ ევროს გადახდა დააკისრა

 

 

ევროკავშირმა ვარშავას 70 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა პოლონეთის სასამართლო სისტემაში დისციპლინური დევნის საბჭოს დახურვაზე უარის თქმის გამო.

გასულ წელს მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ, რომელიც ევროკავშირის უმაღლეს სასამართლო ორგანოდ ითვლება, პოლონეთის მთავრობა „მოსამართლეებისთვის დისციპლინური რეჟიმის შექმნაში“ დაადანაშაულა.

ევროკომისია თვლის, რომ პოლონეთის მმართველი კანონის და სამართლიანობის პარტია სასამართლო შტოზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს.

პოლონეთის ხელისუფლება ბრიუსელის პოზიციას „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს და ეროვნული სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ევროკომისიამ საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის შიდა საქმეებში „ღრმად ერევა“, - განაცხადა პოლონეთის მთავრობის პრესპიკერმა პიოტრ მიოლერმა.

გასულ წელს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუცია ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესი იურიდიული ძალის მქონედ გამოაცხადა.

ვარშავასა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა 2017 წლის შემდეგ დაიძაბა, როცა ევროკომისიამ პოლონეთის კონსერვატორული მთავრობის გატარებული სასამართლო რეფორმა დაიწუნა „ხელისუფლების დანაწილების პრინციპის“ უგულებელყოფის გამო.

 

 

 

მსგავსი სიახლეები