შოიგუ: ფრონტზე 87 ათასი მობილიზებული სამხედრო გავგზავნეთ
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში 87,000 რუსი მობილიზებული სამხედრო გაგზავნეს. მთლიანობაში კი მობილიზაციის ფარგლებში, 300 ათასი ადამიანი გაიწვიეს.
მისი თქმით, მობილიზებულთა წვრთნაში სამი ათასი ინსტრუქტორი მონაწილეობდა, რომლებიც უკრაინის ომში იბრძვიან.
"ფორმირებული ქვედანაყოფების საბრძოლო კოორდინაცია საწვრთნელ პოლიგონზე სრულდება. ძირითადი ძალისხმევა მიმართულია საველე მომზადებაზე, კომუნიკაციის საშუალებების გამოყენების უნარზე, ნავიგაციაზე და დაზვერვაზე", - თქვა შოიგუმ.
იმავდროულად, მობილიზაციის დაწყებიდან გასული კვირების განმავლობაში, სოციალურ ქსელებში და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია გამოძახებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მობილიზებულთა ომში გაგზავნის და მათი გარდაცვალების არაერთი შემთხვევის შესახებ.