შვედეთის პრემიერმა არჩევნებში დამარცხება აღიარა და თანამდებობას ტოვებს

შვედეთის სოციალ-დემოკრატმა პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა და თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს.

შვედეთში საპარლამენტო არჩევნები კვირას, 11 სექტემბერს გაიმართა, თუმცა სამთავრობო და ოპოზიციურ ბლოკებს შორის სხვაობა იმდენად მცირე იყო, რომ ახალი ხელისუფლების ბედი უკანასკნელი ხმების დათვლამდე უცნობი იყო.

ამჟამინდელი მდგომარეობით, ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. მაგდალენა ანდერსონის სოციალ-დემოკრატები 30.3%-ით პირველ ადგილზე გავიდნენ და წინა არჩევნებთან შედარებით, შვიდი მანდატით მეტიც მიიღეს. ამისდა მიუხედავად, მემარცხენე კოალიციის ჯამური მანდატები მემარჯვენე კოალიციამ მცირე სხვაობით გადაწონა.

შვედეთის ახალი პრემიერი, უდიდესი ალბათობით, მემარჯვენე-ცენტრისტული "ზომიერი პარტიის" ლიდერი, ულფ კრისტერსონი, იქნება.

ეს კი იმისდა მიუხედავად, რომ "ზომიერი პარტია" არჩევნებში 19.1%-ით მესამე ადგილზე გავიდა და რიკსდაგში 2 მანდატი მოაკლდა.

წლევანდელი არჩევნების მთავარი ტრიუმფატორი მემარჯვენე პარტია "შვედი დემოკრატები" გახდა - 80-იან წლებში დააარსებული ნეო-ნაცისტური ორგანიზაცია დღეს ანტი-საიმიგრაციო პარტიად იქცა, რომელმაც ხმების 20.5% მიიღო.

რაც მთავარია, 2019 წელს ულფ კრისტერსონმა ტაბუ გატეხა და "შვედ დემოკრატებთან" მოლაპარაკებები დაიწყო. ამდენად, მემარჯვენე პარტია ახლა სამთავრობო კოალიციაში აღმოჩნდება, თუმცა შელახული რეპუტაციის გამო პრემიერის პოსტის დათმობა მაინც "ზომიერების" ლიდერისთვის მოუწევს.

შვედეთის მემარჯვენე ბლოკი "შვედი დემოკრატებისგან", "ზომიერებისგან", ქრისტიან-დემოკრატებისგან და ლიბერალებისგან შედგება. მათ ჯამურად კვირას გამართულ არჩევნებზე სოციალ-დემოკრატებისგან, "მემარცხენეებისგან", "ცენტრისტებისგან" და მწვანეებისგან შემდგარ მემარცხენე კოალიციაზე 1-2 მანდატით მეტი მოიპოვეს.

 

 

მსგავსი სიახლეები