სიკორსკი: პოლონეთმა დახურა რუსეთის საკონსულო პოზნანში
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ პოზნანში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვის შესახებ განაცხადა.
სიკორსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკუნსულოს დახურვა აუცილებელი იყო, რადგან რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს და ცდილობს პოლონეთის ტერიტორიაზე დივერსიების მოწყობას.
"როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩემი პასუხისმგებლობაა გადამწყვეტი რეაგირება. პირველი ნაბიჯი არის პოზნანში რუსეთის საკონსულოს დახურვა. ჩვენ უკან არ დავიხევთ. ჩვენ ვიცავთ პოლონეთის რესპუბლიკას, ვიცავთ პოლონელებს," - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პოლონეთში რუსეთის სამი გენერალური საკონსულოა - პოზნანის გარდა, ეს არის კრაკოვსა და გდანსკში.
სიკორსკიმ ადრე რუსეთის საკონსულოს დახურვაზე მიანიშნა და პოლონეთის ტერიტორიაზე მოსკოვის დივერსიის საფრთხეზე ისაუბრა.
2023 წლის ივლისში რუსეთმა გადაწყვიტა სმოლენსკში პოლონეთის საკონსულო დაეხურა.