სირია: ისრაელმა ალეპოს აეროპორტი დაბომბა

28 აგვისტოს ღამით, ისრაელმა სირიაში, ალეპოს საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც ასაფრენი ბილიკი დაზიანდა.

ეს ინფორმაცია Reuters-ს დამასკოში თავდაცვის სამინისტროს წყარომ დაუდასტურა.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA, სამხედრო წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ისრაელის თვითმფრინავებმა აეროპორტისკენ რაკეტები ხმელთაშუა ზღვიდან დილის 4:30 საათზე გაისროლეს.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ალეპოს საერთაშორისო აეროპორტი წელს რამდენჯერმე დაიბომბა, მათ შორის ორჯერ მარტში. შემდეგ აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა.

ალეპოს აეროპორტზე მომხდარ თავდასხმაზე ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია.

ისრაელის საჰაერო ძალებმა ბოლო წლებში ასობით საჰაერო დარტყმა განახორციელეს სირიის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, მათ შორის დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე.

ამასთან, ისრაელი თითქმის არასოდეს იღებს პასუხისმგებლობას ამ სახმედრო ოპერაციებზე.

მსგავსი სიახლეები