სირსკი: ფრონტზე კვლავ რთული მდგომარეობაა
ალექსანდრ სირსკიმ ხარკივისა და კუპიანსკის მიმართულებებზე უკრაინული დანაყოფების პოზიციები მოინახულა. ЗСУ-ს მთავარსარდლის თქმით, ჯამურად ფრონტზე კვლავ რთული მდგომარეობაა, თუმცა ვითარების შეცვლის შანსიც არსებობს.
სირსკის თქმით, საოკუპაციო არმია აგრძელებს შეტევებს ფრონტის ყველა ძირითად მიმართულებებზე, მაგრამ ძირითადი ძალისხმევა დონეცკისა და ხარკივისკენაა მიმართული.
რუსული არმია უტევს დასახლება კურახოვეს მიმართულებით (მარინკას მახლობლობლად) ასევე პოკროვსკის, ჩასოვ იარის და კუპიანსკის მიმართულებებით.
გარდა ამისა, რუსეთის არმია უტევს ქალაქ ვოვჩანსკს - ქალაქს ხარკივის ოლქში, რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში. ეს ფრონტი რუსულმა 10 მაისს წამოწყებული იერიშის შემდეგ გახსნა.
"ბრძოლების მაღალი ინტენსივობისა და მოწინააღმდეგის მიერ მართვადი ავია ბომბებისა და ჯავშანტექნიკის ხშირი გამოყენების შედეგად ჯამურად რთული მდგომარეობა ნარჩუნდება",- ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული მთავარსადლის თქმით, ვოვჩანსკში უკრაინის არმიის მთავარი მიზანი ამ დროისთვის რუსეთის არმიისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენებაა.
"ვითარების სირთულის მიუხედავად, გვაქვს შანსი ვითარება ჩვენს სასარგებლოდ შევცვალოთ."
კონტექსტი
ხარკივის ოლქში თავდაპირველი წინსვლის შემდეგ რუსეთის არმიის შეჩერება უკრაინის არმიამ მაისის მიწურულს მოახერხა. ამ დროისთვის რუსები ქალაქის დაახლოებით 30-40%-ს აკონტროლებენ და მთელ პერიმეტრზე მძიმე პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს.
სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ფრონტის ამ მონაკვეთზე ვითარების სტაბილიზება უკრაინამ რეზერვების გადასროლის ხარჯზე შეძლო.
ფრონტის ხაზის გაწელვის მიუხედავად რუსეთის წინსვლის ტემპი შემცირებულია ფრონტის სხვა მონაკვეთებზე, მათ შორის დონეცკის ოლქშიც, რომლის სრული ოკუპაციაც რუსეთის გაცხადებული მიზანია.
დასავლელი სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთს კვლავ აქვს თავისუფალი რეზერვები და უახლოეს მომავლშია შესაძლოა საოკუპაციო არმიის ახალი შეტევა განვითარდეს.