სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრი: მზად ვართ რუსული გაზის საფასური რუბლებში გადავიხადოთ
სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა რიჩარდ სულიკმა თქვა, რომ შესაძლებელია სლოვაკეთი დაეთანხმოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნებს და რუსული გაზის საფასურს რუბლებში გადაიხადოს. ამის შესახებ მან სახელმწიფო ტელევიზიის, RTVS-ის ეთერში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ სლოვაკეთი გაზის მიმწოდებლების დივერსიფიკაციაზე მუშაობს, მაგრამ უახლოეს მომავალში, გაზის გარეშე რომ არ დარჩეს, სლოვაკეთი გაზის საფასურს რუსულ ვალუტაში გადაიხდის.
"მე ვარ ეკონომიკის მინისტრი და სლოვაკეთის ეკონომიკას ენერგია უნდა მივაწოდო. მე არ ვეთანხმები ომს, მაგრამ ამას ეკონომიკური თვალსაზრისითაც ვუყურებ", - განაცხადა სულიკმა.
ამჟამად სლოვაკეთი გაზის საფასურს ევროში იხდის. მარტის ინვოისი ქვეყანამ კვლავ ერთიან ევროპულ ვალუტაში მიიღო. თანხა რუსეთის გაზპრომბანკში ირიცხება, რომელიც, როგორც პუტინმა თქვა, თავად ცვლის ევროებს რუბლებში.