სომხეთმა აზერბაიჯანი ბრიუსელში მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვერ გამონახა დრო ბრიუსელში ნიკოლ ფაშინიანთან და შარლ მიშელთან სამმხრივ შეხვედრაზე წასასვლელად.

ამის შესახებ მირზოიანმა რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მირზოიანს ჰკითხეს, ვინ ვერ გამონახა დრო ბრიუსელში მოლაპარაკებებზე წასასვლელად.

"ცხადია, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, რადგან ჩვენ მზად ვართ ამ შეხვედრაში მონაწილეობა მივიღოთ. იმედი მაქვს, პრობლემა ნამდვილად კონკრეტულ თარიღებშია და უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება შეხვედრის ახალი თარიღების შეთანხმება. სომხეთი მზადაა ამ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიანი დღის წესრიგის დაცვას," - განაცხადა მირზოიანმა.

მანამდე, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ ოქტომბრის ბოლოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა არ გაიმართება. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიზეზად დროის ნაკლებობა დაასახელა.

ევროპელი ლიდერები იმედოვნებდნენ, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანის კონტროლის აღდგენის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის ლიდერი პირველად ესპანეთში, გრანადაში შეხვდებოდნენ. შეხვედრა გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების მონაწილეობით უნდა ჩატარებულიყო.

მაგრამ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უარი თქვა მოლაპარაკებებზე და გრანადაში არ ჩავიდა. აზერბაიჯანის უარი იმით აიხსნება, რომ ბაქოს მოკავშირე თურქეთი მოლაპარაკების ფორმატში ჩართული არ იყო.

მსგავსი სიახლეები