16:34 | 23 სექტემბერი, 2026 — უკრაინა
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაზე დარტყმების შეწყვეტაზე უარი უთხრა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი უთხრა დონალდ ტრამპს თხოვნაზე, შეეწყვიტა დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ამის შესახებ ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.
ვითარების არსი: აშშ-ის პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაზე უკრაინის თავდასხმები მსოფლიოში დიზელის დეფიციტს იწვევს, რის გამოც ამერიკულ ავტოგასამართ სადგურებზე ფასი კონგრესის შუალედური არჩევნების წინ რეკორდებს ხსნის.
- სააგენტო Bloomberg წერს, რომ საწვავის გლობალურ ბაზარზე ძირითად გავლენას ირანთან ომი ახდენს და არა რუსულ ნავთობის ობიექტებზე უკრაინული დრონების დარტყმები.
- ზელენსკიმ WSJ-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ერთი კვირის წინ სატელეფონო საუბრისას ტრამპი ცდილობდა მასზე ზეწოლა მოეხდინა, რათა მას შეეწყვიტა დარტყმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.
- "დიახ, ნამდვილად, ტელეფონით წამოვჭერით დიზელის თემა. განსაკუთრებით დიზელის. მე ვუთხარი: "შეხედეთ, ვინმესთვის, შესაძლოა, ეს ასე მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ჩვენი სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ენერგომატარებლების ფასი." და, ჩვენ შორის რომ ვთქვათ, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მოდით, გულწრფელად ვიყოთ: ყველას ესმის, რომ [საწვავის ბაზარზე] გავლენას ახდენს ჰორმუზის სრუტეში [გემების] გატარების მოცულობა და არა [საწვავის] მოცულობა რუსეთიდან. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ეს გავლენას ახდენს და თუ ყველას უბრალოდ სურს დაეხმაროს ადამიანებს დიზელის საწვავით ან მასზე ფასებით, კეთილი, დაგვეხმარეთ შევაჩეროთ პუტინი თავისი ბლექაუტებით უკრაინაში, ჩვენს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და წყალმომარაგებაზე თავდასხმებით." - აღნიშნა მან.
სტრიქონებს შორის: ნიუ-იორკში ზელენსკისთან 22 სექტემბერს გამართული შეხვედრის წინ, ტრამპმა განაცხადა, რომ "რუსეთმა, სამწუხაროდ, დაკარგა კონტროლი დიზელის წარმოებაზე" და მოუწოდა შეწყდეს "ეს უაზრო და უსასრულო ომი უკრაინასთან."
- უკრაინას არ შეუწყვეტია რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაბზე თავდასხმები. მხოლოდ ბოლო დღეებში დარტყმები განხორციელდა კუიბიშევის და მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. რუსეთის რეგიონები ბენზინის კრიზისის მორიგმა ტალღამ მოიცვა.
- ყველაზე მწვავე სიტუაცია კალუგის ოლქშია, სადაც 22 სექტემბერს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი გათავდა.
დიდი სურათი: სააგენტო Bloomberg წერდა, რომ ტრამპი გადაჭარბებულად აფასებს რუსულ ნავთობის ინდუსტრიაზე უკრაინული დარტყმების გავლენას დიზელის საწვავის ღირებულების ზრდაზე.
- გამოცემის მონაცემებით, საკვანძო ფაქტორი აშშ-ის ომია ირანთან და ჰორმუზის სრუტის მუშაობაში შეფერხებებია.
- CBS News-მა 22 სექტემბერს აღნიშნა, რომ აშშ-ში დიზელის საშუალო ფასმა გალონზე (3.7 ლიტრი) $6.53 შეადგინა, რაც 77%-ით მაღალია, ვიდრე ერთი წლის წინ.
- აშშ-ში 3 ნოემბერს კონგრესის შუალედური არჩევნები ჩატარდება, სადაც დემოკრატებს აქვთ შანსი კონტროლი მოიპოვონ მინიმუმ ქვედა პალატაზე. საწვავზე ფასების ზრდა მიმდინარე კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია.