სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების ახალი წინადადება წარუდგინა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანმა მიიწვია ბაქო, ხელი მოეწეროს სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის უკვე შეთანხმებულ ნაწილებს.
ამის შესახებ მან 31 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთმა აზერბაიჯანს ახალი წინადადება გაუგზავნა "გუშინ და ობიექტურად, ოფიციალურ ბაქოს არც კი ჰქონდა დრო, რომ გაცნობოდა ამ წინადადების არსს."
მან აღნიშნა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ბოლო პროექტში 17 მუხლიდან 13 სრულად არის შეთანხმებული, ხოლო კიდევ სამ მუხლში ძირითადად შეთანხმებულია ლექსიკა.
"ჩვენი წინადადების არსი ასეთია: ჩვენ ვიღებთ ყველა შეთანხმებულ მუხლს და ფორმულირებას და ხელს ვაწერთ მას, როგორც სამშვიდობო ხელშეკრულებას, რადგან ისინი ასახავს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის ყველა ფუნდამენტურ პრინციპს." - თქვა სომხეთის პრემიერმა.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი აზერბაიჯანს სთავაზობს იმ საკითხების განხილვის გაგრძელებას, რომლებიც შეთანხმებაში არ იქნება გათვალისწინებული.
"სავარაუდოა, რომ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება, რაც დამატებითი პლატფორმა გახდება ყველა სხვა საკითხის განხილვისთვის," - მიიჩნევს ის.
გასული წლის ბოლოდან აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესზე საუბრობენ. მხარეები შეთანხმდნენ ტყვეების გაცვლაზე, ასევე დაიწყეს საზღვრის სადავო მონაკვეთების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი.