სტრელკოვი: გაწელილი ომის სტრატეგია რუსეთისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია
რუსი ბოევიკი და დონბასელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი, იგორ სტრელკოვი, თითქმის 3-თვიანი გაუჩინარების შემდეგ, საკუთარ ტელეგრამ არხზე დაბრუნდა.
სტრელკოვი სოციალური ქსელებიდან, სექტემბრის მეორე ნახევარში გაუჩინარდა, გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც სამხედრო უნიფორმაში გამოწყებილი სტრელკოვი, სავარაუდოდ, საბრძოლო პოლიგონთან ახლოს მდებარე სანგარში იმყოფებოდა.
თავად სტრელკოვი მოგვინებით წერდა, რომ დონბასის ტერიტორიაზე, მოხალისეთა ახალი რაზმის შექმნას მეთაურობდა და ფრონტზე გამგზავრებას ელოდებოდა.
როგორც აღმოჩნდა, ომში ჩართვის მესამე მცდელობაც, სტრელკოვისთვის, უშედეგოდ დასრულდა. რამდენიმე საათის წინ, ბოევიკმა დაწერა, რომ სამხედრო მეთაურების ბრძანებით, ის მოხალისეთა რაზმის შემადგენლობიდან გარიცხეს, რის შემდეგაც იძულებული გახდა, რომ მოსკოვში დაბრუნებულიყო.
"ჩვენი ყველა 'მზარდი გამარჯვებების' საფუძველში, სტრატეგიული დაგეგმარებისთან დაკავშირებული ღრმა პრობლემები დევს. მარტივად რომ ვთქვათ - დანაყოფები ომობენ, მაგრამ მათ არ აქვთ არანაირი წარმოდგენა, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელების სტრატეგიულ გეგმებზე",- წერს სტრელკოვი.
სტრელკოვის თქმით, რუს ოფიცრებსა და ჯარისკაცებს არ აქვთ წარმოდგენა, თუ რა მიზნით იბრძვიან, ხოლო რუსეთის ხელისუფლებას, ამის განმარტება არ შეუძლია. ასეთი განწყობების ფონზე, დანაყოფებში აპათია მეფობს, რამაც საბრძოლო სულისკვეთების მკვეთრი დაცემა გამოიწვია.
"რუსეთის შეიარეღებული ძალები განგრძობითი პოზიციური ომისთვის ემზადება და ფრონტის ხაზის გასწვრივ, ხანგრძლივ თავდაცვის ხაზებს ამაგრებს. თუმცა, განგრძობითი ომის სტრატეგია, რუსეთის თვითმკვლელობის ტოლფასია, რასაც მე, ჯერ კიდევ 2014 წელს ვწერდი. მას შემდეგ, რაც სამხედრო კამპანია დაიწყო, ამ საკითხზე, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში ვლაპარკობ."
სტრელკოვი ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასიურობის ფონზე, უკრაინის არმია, სტრატეგიულ ამოცანებს აუჩქარებლად და გეგმაზომიერად ასრულებს.
"უახლოეს კვირებში, ფრონტის ხაზიდან, კარგ სიახლეებს არ ველოდები. არის კიდევ ერთი დეტალი: უკრაინა ზამთარში არ გაიყინება, ხალხი არ აჯანყდება და უკრაინელები, სიცივის მიზეზით, უფრო ცუდად არ იომებენ. პირიქით მოხდება",- წერს სტრელკოვი.
სტრელკოვი ხაზს უსვამს უკრაინელი მებრძოლების სულისკვეთებას და ამბობს, რომ შემოდგომის გამარჯვებებით შთაგონებულები, გაცილებით უფრო ჯიუტად და მრისხანედ იბრძოლებენ, რადგანაც, მათ დაკარგული თანამებრძოლების და ახლობლებისთვის, შურისძიება სურთ.
"უკრაინელების ასეთ განწყობის საპირისპიროდ, სახეზე გვაქვს რუსი სამხედროების ყოვლისმომცველი აპათია და მოვალეობის ცალყბა შესრულება. ამ ფონზე, სულ უფრო მეტ მებრძოლს უჩნდება, ამ დრომდე უპასუხო კითხვა - აქ რას ვაკეთებთ?"
იგორ სტრელკოვის მოსაზრებები, რუსულ ინტერნეტ ვებ-გვერდებსა თუ სოციალური პლათფორმებში, აქტიური განხილვის საკითხი გახდა.