ტერორისტული თავდასხმა დასავლეთ სანაპირო-იორდანიის საზღვარზე: დაიღუპა სამი ადამიანი
დასავლეთ სანაპირო-იორდანიის საზღვარზე სატვირთო მანქანის მძღოლმა ალენბის საგუშაგოზე ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) სოციალურ ქსელში 8 სექტემბერს განაცხადეს.
როგორც IDF-მა განმარტა, თავდამსხმელი სატვირთოდან გადმოხტა და სასაზღვრო პუნქტზე მომუშავე ისრაელის უსაფრთხოების ძალებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმას სამი ისრაელელი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა და ტერორისტი ადგილზე მოკლეს.
Reuters იორდანიელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ თავის მხრივ, იორდანიულმა მხარემ დახურა საგუშაგო, სანამ სროლის ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობდა.
სააგენტო განმარტავს, რომ თავდასხმა ისრაელის მიერ კონტროლირებად კომერციულ სატვირთო სატრანსპორტო ზონაში მოხდა.
ალენბის ხიდის გამშვები პუნქტი, რომელსაც იორდანია მეფე ჰუსეინის ხიდს უწოდებს, ერთადერთი სასაზღვრო პუნქტია პალესტინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად პალესტინის ტერიტორიებსა და იორდანიას შორის.
1994 წელს ისრაელსა და იორდანიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ალენბის გადასასვლელი ისრაელის ძალების მიერ კონტროლდება. ამ ეტაპზე ისრაელის ყველა მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთა ეკრძალება, გარდა მუსლიმებისა, რომლებიც მომლოცველები არიან მექაში.