თეთრი სახლი: ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენა წელს მოსალოდნელი არ არის

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ბრეტ მაკგერკი მიიჩნევს, რომ ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენა 2022 წელს მოსალოდნელი არ არის.

ბირთვული მოლაპარაკებები ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც აშშ-ს და ირანის დელეგაციების შეხვედრის ბოლო რაუნდი დოჰაში უშედეგოდ დასრულდა.

ირანს სურს, აშშ-ს შეთანხმების აღდგენის სანაცვლოდ დამატებითი პირობები წაუყენოს, რაც ვაშინგტონისთვის მიუღებელია, აცხადებს მაკგერკი.

ირანი ამერიკისგან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიიდან ამოღებას მოითხოვს.

„[შეთანხმების არარსებობის ფონზე] ბაიდენის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სანქციებს და დიპლომატიურ წნეხს გამოიყენებს, ისე, რომ სიტუაცია უმიზეზოდ არ გაამწვავოს“, - თქვა ბაიდენის მრჩეველმა.

ცოტა ხნის წინ ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის დროს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ირანისგან ხელშეკრულების აღდგენაზე თანხმობას „სამუდამოდ“ ვერ დაელოდება.

შეთანხმების პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შეფი ჟოზეპ ბორელიც. მისი თქმით, 15-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებს შორის კონსენსუსის რესურსი „ამოწურულია“.


გასული წლის ნოემბრის შემდეგ ირანს და ბირთვული ხელშეკრულების მხარეებს, მათ შორის აშშ-ს შორის შეთანხმების აღსადგენად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

2015 წელს დადებული შეთანხმება ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა თეირანის მიერ სამხედრო ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ.

2018 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელშეკრულება ცალმხრივად დატოვა. ბაიდენის ადმინისტრაცია შეთანხმების აღდგენას ისახავს მიზნად, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

ივნისის დასაწყისში გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტომ ( IAEA) განაცხადა, რომ ირანი ბირთვული მონიტორინგის სქემით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.

სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი მიიჩნევს, რომ ირანის ქმედებამ ბირთვულ შეთანხმებას „სასიკვდილო დარტყმა“ შეიძლება მიაყენოს.         

IAEA-ს ინფორმაციით, ირანმა ურანი 60 პროცენტიან ნიშნულამდე გაამდიდრა, რაც ბირთვული იარაღისთვის საჭირო 90 პროცენტს უახლოვდება.

მსგავსი სიახლეები