THE GUARDIAN: ჯერემი კორბინს ლეიბორისტული პარტიიდან კენჭისყრას უკრძალავენ
ბრიტანული მემარცხენე გაზეთის, The Guardian-ის ცნობით, ლეიბორისტული პარტიის ყოფილ ლიდერს, ჯერემი კორბინს, დიდი ალბათობით პარტიის სახელით კენჭისყრა აეკრძალება.
ჯერემი კორბინი 2020 წლის ოქტომბრიდან ლეიბორისტების საპარლამენტო ფრაქციიდან გარიცხულია. გადაწყვეტილების მიზეზი პარტიის შიგნით არსებულ ანტი-სემიტიზმთან დაკავშირებით, ყოფილი ლიდერის ზედმეტად რბილი პოზიცია იყო.
2020 წლის ოქტომბერში, ბრიტანეთის თანასწორობისა და ადამიანის უფლებების კომისიამ, ლეიბორისტული პარტია და ჯერემი კორბინის ოფისი, ანტი-სემიტურ ნიადაგზე, დისკრიმინაციაში ამხილა. თავად კორბინმა კი ბრალდებებს "მკვეთრად გადაჭარბებული" უწოდა.
როგორ The Guardian პარტიის შიდა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, თუ ჯერემი კორბინი ამ კომენტარის გამო ბოდიშს არ მოიხდის, პარტიიდან საბოლოოდ გარიცხავენ.
"ჯერემი კორბინი ვეღარასდროს დაბრუნდება. მას მომწამლავი გავლენა ექნება ჩვენს შანსებზე, მოვიგოთ ზოგიერთი ისეთი მანდატი, რომელთა დაბრუნებაც აუცილებელია", - ამბობს გაზეთთან ერთ-ერთი ლეიბორისტი მაღალჩინოსანი.
თუ ლეიბორისტული პარტია ყოფილ ლიდერს საკუთარი რიგებიდან მოკვეთს, დიდი შანსია, ჯერემი კორბინმა საკუთარ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს კენჭი. ის თემთა პალატაში ჩრდილოეთ ისლინგტონის ოლქს ჯერ კიდევ 1983 წლიდან წარმოადგენს.
ჯერემი კორბინი ლეიბორისტული პარტიის ლიდერად 2015 წელს, ბევრისათვის მოულოდნელად აირჩიეს. ლეიბორისტებს ის საპარლამენტო არჩევნებში ორჯერ, 2017 და 2019 წლებში გაუძღვა. უკანასკნელ ჯერზე, ლეიბორისტებს 1935 წლის შემდეგ, ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდათ, რის გამოც კორბინი გადადგა და პარტიამ მისეულ მემარცხენე კურსზე უარი თქვა.