ტრამპი: შეთანხმებისთვის უკრაინა შეიარაღებას და ომის გაგრძელების უფლებას მიიღებს

დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან იშვიათი მინერალებზე შეთანხმების სანაცვლოდ უკრაინა ბევრ შეიარაღებას და ომის გაგრძელების უფლებას მიიღებს.
ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ თითქმის 2-კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები განახლებულ პირობებზე შეთანხმდნენ - სავარაუდოა, რომ შეთანხმების ხელმოწერა 28 თებერვალს ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს მოხდება.
"რამდენადაც ვიცი ზელენსკი პარასკევს ჩამოდის და რა თქმა უნდა მე არ ვარ წინააღდეგი, ვისურვებდი, რომ ერთად მოგვეწერა ხელი, ეს ძალიან დიდი შეთანხმება, ძალიან დიდი"- განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ რას მიიღებს უკრაინა შეთანხმების სანაცვლოდ ტრამპმა უპასუხა: "350 მილიარდ დოლარს, ძალიან ბევრ შეიარაღებას და ომის გაგრძელებას უფლებას."
ამასთანავე, ტრამპმა განმარტა, რომ უკრაინის უსაფრთხოების საკითხს მოგვიანებით მოაგვარებენ - "მე არ ვფიქრობ, რომ ეს დიდი პრობლემა იქნება, როგორც ჩანს მათ არ აქვთ ამასთან დაკავშირებით პრობლემა... მე ვფიქრობ, რომ მათ (რედ. რუსებს) ესმით, რომ შეთანხმების შემდეგ ისინი უკან ვეღარ დაბრუნდებიან",- თქვა ტრამპმა.
კონტექსტი
Financial Times-ის მიერ მოპოვებული შეთანხმების ბოლო ვერსიით აშშ იღებს უკრაინაში ინვესტირების გრძელვადიან ვალდებულებებს.
კიევმა მოახერხა შეთანხმებიდან ამოეღოთ უკრაინისთვის მიუღებელი დებულებების უდიდესი ნაწილი, თუმცა დოკუმენტის ამჟამინდელ ვერსიაში არაფერია ნათქვამია სამხედრო გარანტიების შესახებ, რომლის შეთანხმებაში გაწერასაც ითხოვდა ზელენსკის ადმინისტრაცია.
ჯერჯერობით შეუთანხმებელია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა ფონდში აშშ-ს წილის მოცულობა და ასევე, ის თუ რომელი იურისდიქციით დარეგულირდება შეთანხმება.
დონალდ ტრამპის გუშინდელი კომენტარი ამ დრომდე ყველაზე მკაფიოდ გაცხადებული პოზიციაა, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებას გულისხმობს.
უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე საუბრობენ ევროპელი ლიდერები. დასავლური მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ევროპული ჯარების განლაგების საჭიროებაზე ესაუბრა ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს 24 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე.
ამ საჭიროებაზე და ამ საკითხში აშშ-ს დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს გაერთიანებული სამეფოს პრემიერი, კირ სტარმერი, რომელიც თეთრ სახლს 27 თებერვალს ეწვევა.
ევროპული ჯარების განლაგების საკითხზე საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს იდეას და ასევე დასძინა, რომ ამის შესახებ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა და "მას ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს."
ტრამპის სიტყვების კომენტირებისას დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტები სერგეი ლავროვის განცხადებაზე მიუთითა, რომელმაც ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთისთვის მიუღებელი იქნება უკრაინაში ევროპული ჯარების განთავსება, თუნდაც არა ნატოს ეგიდით.