FT: უკრაინამ და აშშ-მ იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

უკრაინამ და აშშ-მ მიაღწიეს შეთანხმებას იშვიათი მინერალების მოპოვების შესახებ, რომლის შესახებაც მოლაპარაკებები გასული 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის უკრაინული წყაროების ცნობით, კიევი მზადაა ხელი მოაწეროს განახლებულ შეთანხმებას, რადგანაც აშშ-მ უარი თქვა მინერალების მოპოვების მონეტიზაციიდან 500 მილიარდ დოლარზე.
უკრაინული წყაროები ამბობენ, რომ შეთანხმება არსებული ფორმით "ბევრად უფრო მომგებიანია" კიევისთვის - ისინი შეთანხმებას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისა და 3-წლიანი ომის შემდეგ აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობების ახალ ეტაპზე აყვანის საშუალებად.
გამოცემის მიერ მოპოვებული შეთანხმების საბოლოო ვერსიაში, რომელიც Financial Times-მა მოიპოვა აღნიშნულია, რომ დაარსდება ერთობლივი უკრაინულ-ამერიკული ფონდი, რომელშიც უკრაინა ვალდებული იქნება იშვიათი მინერალების რეალიზაციიდან მოპოვებული შემოსავლების ნახევარი შეიტანოს. თავის მხრივ ფონდის ფუნქცია უკრაინაში ინვესტირება იქნება.
უკრაინაში ინვესტირების მანდატი კიდევ ერთი ცვლილებაა, რომლის ჩაწერასაც უკრაინული მხარე ითხოვდა - დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ მომავალში მხარს დაუჭერს უკრაინის ეკონომიკურ განვითარებას.
კიევმა მოახერხა შეთანხმებიდან ამოეღოთ უკრაინისთვის მიუღებელი დებულებების უდიდესი ნაწილი, თუმცა დოკუმენტის ამჟამინდელ ვერსიაში არაფერია ნათქვამია სამხედრო გარანტიების შესახებ, რომლის შეთანხმებაში გაწერასაც ითხოვდა ზელენსკის ადმინისტრაცია.
ჯერჯერობით შეუთანხმებელია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა ფონდში აშშ-ს წილის მოცულობა და ასევე, ის თუ რომელი იურისდიქციით დარეგულირდება შეთანხმება.
"იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმება ეს უფრო დიდი სურათის ნაწილია, ჩვენ ეს არაერთხელ მოვისმინეთ ამერიკული ადმინისტრაციისგან"- ამბობს გამოცემასთან საუბარში უკრაინის ვიცე-პრემიერი, ოლგა სტეფანიშინა.
AFP-ს ცნობით, შეთანხმებას შესაძლოა ხელი უკვე 28 თებერვალს მოეწეროს.