აშშ-ის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, რუსეთის წინსვლა კვლავ ნელია - The Economist

შემთხვევითი არ არის რუსული მხარის განცხადება იმის თაობაზე, რომ საბოლოოდ მოიპოვა სრული კონტროლი პოკროვსკზე, აღმოსავლეთ უკრაინაში, ზუსტად იმ დროს, როდესაც დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი და ამერიკის პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერი, მოსკოვში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე იმყოფებიან.

ვითარების არსი: ჟურნალი The Economist-ის თანახმად, საოკუპაციო არმიის თუნდაც ბოლო დროს აჩქარებული ტემპით, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების დაკავებას ორ წელზე მეტი დასჭირდება. რუსეთი აუცილებლად შეეცდება შექმნას განცდა, რომ გამარჯვება გარდაუვალია. მაგრამ ამ მომენტამდე გაურკვეველია, დაიკავა თუ არა სრულად ქალაქი პოკროვსკი, ან შეძლებს თუ არა უფრო დიდხანს აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები, ვიდრე ამას უკრაინა შეძლებს.

 

  • რუსეთის კურსკის რეგიონში შეჭრის გარდა, უკრაინა თითქმის განუწყვეტლივ კარგავს ტერიტორიას 2022 წლიდან. რუსეთის წინსვლა წელს ოდნავ უფრო სწრაფი იყო, ვიდრე შარშან. ჟურნალის გამოთვლებით, რომელიც იყენებს „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW) რუკებს, 2025 წელს რუსეთის ძალებმა ამ დროისთვის 4,562 კვადრატული კილომეტრი უკრაინული მიწა დაიკავეს. 
  • შედარებისთვის, 2024 წელს მათ 3,734 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. 
  • ნოემბერში რუსულმა ჯარებმა მიმდინარე წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინსვლა განახორციელეს - ბოლო 30 დღის განმავლობაში მათ 690 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. 
  • თუმცა, რუსეთის ბოლოდროინდელი, უფრო სწრაფი ტემპის მიუხედავად, მისი საერთო წინსვლა ნელი რჩება. 
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ დამატებით 1.45% დაიკავა.
  • რუსეთი 14 თვის განმავლობაში იბრძოდა პოკროვსკის სრულად დასაკავებლად, რომელიც 61,000 მოსახლეობით ომამდე უკრაინის სიდიდით მხოლოდ 73-ე ქალაქი იყო.
  • თუ, მაგალითად, რუსეთს სურს სრული კონტროლის მოპოვება აღმოსავლეთ უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებზე, მას კიდევ 20,345 კვადრატული კილომეტრის დაპყრობა დასჭირდება. 
  • ბოლოდროინდელი ტემპითაც კი, ამას 2028 წლის მაისამდე დრო დასჭირდება.

მეორე მხარეს: რუსეთის წინსვლა ასევე უზარმაზარ ფასად მოხდა. ჟურნალის მეტა-შეფასებით, აქამდე ომში 1-დან 1.35 მილიონამდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა. 

  • ეს, სავარაუდოდ, მეტია, ვიდრე მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ან დაჭრილი ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა.
  • რუსეთის ომამდელი სამხედრო ასაკის მამრობითი მოსახლეობის დაახლოებით 1% შესაძლოა უკრაინაში დაიღუპა. 
  • ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, 2025 წლის პირველ ნახევარში 100,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

დეტალები: რუსეთს, შესაძლოა, სულ უფრო გაუჭირდეს ომის დაფინანსების გაგრძელება, თუ, მოსალოდნელისამებრ, ნავთობის ფასები მომავალ წელს დაეცემა. ყოველივე ამან შეიძლება გაართულოს ბრძოლის ასეთივე ინტენსივობით გაგრძელება.

  • თუმცა, სხვა ფაქტორები იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის წინსვლა შესაძლოა პირიქით, დაჩქარდეს მომდევნო თვეებში.
  • უკრაინის დანაკარგები ბრძოლის ველზე ასევე მძიმეა და ის ცოცხალი ძალის დეფიციტის წინაშე დგას. 
  • უკრაინაში ბრძოლების უმეტესობა ახლახან ქალაქის პირობებში მიმდინარეობდა, რამაც გამოიღო მცირე ტერიტორიული მოგებები, მაგრამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი სტრატეგიული გამარჯვებები.
  • მცირე წინსვლაც კი ისეთ ადგილებში, როგორიცაა პოკროვსკი, შეიძლება უფრო დიდი წინსვლის პლაცდარმი გახდეს. 
  • რუსეთი ასევე, როგორც ჩანს, უპირატესობას იძენს უკრაინასთან დრონებით ომში, რაც მას საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად დაარტყას მას ფრონტის ხაზს მიღმა. 
  • ამან შესაძლოა უფრო შეამციროს უკრაინის პოზიციები მოლაპარაკებებში, ვიდრე რუსეთის მცირე ტერიტორიულმა მიღწევებმა.

დიდი სურათი: ამერიკელი პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ვიტკოფის და მისი სიძის, ჯარედ კუშნერის მოსკოვში ყოფნა, შესაძლოა, უკრაინას აშფოთებდეს. თუ ამერიკა ამას [რედ. უკრაინის დახმარების სრულად შეწყვეტა] გადაწყვეტს, მას შეუძლია შეაფერხოს უკრაინის სტრატეგიული საჰაერო კამპანია სატელიტური დაზვერვის გაზიარების შეზღუდვით. 

  • მას ასევე შეუძლია შეწყვიტოს ევროპისთვის იარაღის მიყიდვა, რომელსაც კონტინენტი მოგვიანებით უკრაინას აწვდის.
  • ევროპას კი, ამასობაში, კვლავ უჭირს უკრაინისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად საჭირო რესურსების მიწოდება, განსაკუთრებით ახლა, როცა თითქმის არაფერი მოდის უშუალოდ ამერიკიდან.
  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინის თავდაცვა ჯერ ნელა, შემდეგ კი მოულოდნელად დაიშლება, თუ მისი ჯარები გააგრძელებენ ზეწოლას. თუმცა, ამ დროისთვის ყველაზე სავარაუდოა, რომ სანამ სამშვიდობო შეთანხმება არ დაიდება, ომი უბრალოდ გაჭიანურდება.

მსგავსი სიახლეები